„ჩვენ პოპულისტურ განცხადებებზე პასუხს არ გავცემთ,“ - ასე პასუხობს თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ბრალდებებს, მისი საკრებულოში არ მისვლასთან დაკავშირებით.
სოფო ხუნწარია აცხადებს, რომ სამუშაო ფორმატში, ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს, ბიბლიოთეკებთან დაკავშირებით, დეტალური ინფორმაცია მიაწოდონ.
„მე კომენტარი გავაკეთე არა ერთხელ, ძალიან დეტალურად მედიაშიც და ასევე განვუმარტე თითოეულ ბიბლიოთეკარს ამის შესახებ. მქონდა სხვადასხვა პრეზენტაციები ასევე. ასე რომ, მე ინფორმაცია პრინციპში გაცემული მაქვს და შესაბამისად, მე ვერ ვხედავ პრობლემას იმის, რომ ვინმეს რაიმე ინფორმაცია არ აქვს ბიბლიოთეკებთან მიმართებაში. სწრაფი ნაბიჯებით მივიწევთ წინ და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენ პოპულისტურ განცხადებებზე პასუხს არ გავცემთ,“ - განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.
შეგახსენებთ, რომ ბიბლიოთეკების რეორგანიზაციასთან დაკავშირებით გაჩენილ კითხვებზე პასუხებს საკრებულოს ოპოზიცია დედაქალაქის მერის მოადგილისგან ელოდა.
სოფიო ხუნწარია და მერიის კულტურისა და განათლების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის სხდომაზე უნდა მისულიყვნენ, თუმცა არცერთი მათგანი საკრებულოში არ გამოცხადდა.
შეგახსენებთ, თბილისში მოქმედი ბიბლიოთეკების უმრავლესობა შესაძლოა დაიხუროს. ცვლილებების მიხედვით, უქმდება თბილისის ბიბლიოთეკების გაერთიანება.
ავტორი: ნინო გაზდელიანი