თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ცენტრში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით ბიზნესომბუდსმენმა კომენტარი გააკეთა. ირაკლი ლექვინაძის თქმით, აუცილებელია მსგავსი ობიექტები დაზღვეული იყოს.
„გასული წლის პრაქტიკამაც და სამწუხაროდ, გუშინდელმა დღემაც აჩვენა, რომ მსგავსი ტიპის გადაწყვეტილება ამ კუთხით საჭიროა. ეს უკავშირდება ადამიანის, მომხმარებლების უსაფრთხოებას, მეორე მხრივ, იმ მეწარმეების უფრო მეტად დაცულობას, რომლებიც სამწუხაროდ, დაზღვევის როლს და ფუნქციას ჯერ კიდევ ისე აქტუალურად არ აფასებენ, როგორც ეს მნიშვნელოვანია. მერე ეს იწვევს, რომ დანაკარგები არის ძალიან მაღალი და ყველა მიდის სახელმწიფო უწყებებამდე ზარალის ან კომპენსაციის მოთხოვნით, ამიტომ ეს მოცემულობა გვაჩვენებს, რომ აქ რაღაც გადაწყვეტილებები საჭიროა და ვფიქრობთ, რომ თუნდაც, პირველ ეტაპზე, სავაჭრო ცენტრებში, სადაც ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა ბოლო წელს და მიმდინარე წელსაც გვქონდა ამის მაგალითი, საჭიროა მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებები,“- განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
თბილისში ძლიერმა ხანძარმა კიდევ ერთი ბაზრობა გაანადგურა. ცეცხლი გვიან ღამით თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ცენტრს გაუჩნდა.