20 ნოემბერი 2024,   13:25
ვრცლად
როგორ შესრულდა სახალხო დამცველის რეკომენდაციები - ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე ანგარიშს განიხილავენ

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების საკითხს განიხილავენ. ომბუდსმენის ანგარიშში საუბარი იყო ძალოვან სტრუქტურებში არსებულ პრობლემებზე. 

რეკომენდაციების შესრულების შესახებ ანგარიშს კი კომიტეტზე ძალოვანი უწყების მინისტრის მოადგილეები და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე წარადგენენ.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე ამბობს, რომ ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი შექმნას, რომლის ფარგლებშიც სამართალდამცველების მხრიდან შესაძლო გადაცდომები იქნება გამოძიებული.

„ჩვენმა ხელისუფლებამ გამოიჩინა პოლიტიკური ნება და მიიღო ის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ეხება დამოუკიდებელი საგამოძიებო სტრუქტურის შექმნას. ეს დამოუკიდებელი საგამოძიებო სტრუქტურა როგორც წინასწარი მონაცემებით არის ცნობილი, პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორთან იქნება. ეს არის სწორედ იქითკენ გადადგმული ნაბიჯი, რომ მოიხსნას ის კითხვის ნიშნები, რომელიც არსებობდა,“- განაცხადა სოფო კილაძემ.

ოპოზიციის აზრით კი, ძალოვანი უწყებების მხრიდან სახალხო დამცველის რეკომენდაციების შეუსრულებლობას საქართველოს პარლამენტი ხელს უწყობს.

„ხელისუფლებას პარლამენტი გადაეფარა და არ მოხვდა ისეთი საკითხები, როგორიც იყო კორცხელი, როგორიც იყო ჟურნალისტების თვალთვალი, როგორიც იყო მოსმენების თვალთვალი, სუს-ის დარღვევები, იგივე გვარამიას მოსმენა და ასევე მასზე მუქარა. არ მოხვდა ასევე საყდრისის საკითხი,“- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგო რატიანმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები