20 ნოემბერი 2024,   13:34
ვრცლად
ვისი საქონელიც გადარჩა საქმიანობის გაგრძელებას შეძლებენ - კალაძე დაზარალებულ მოვაჭრეებს შეხვდა 

თევდორე მღვდლის ქუჩაზე, სავაჭრო ცენტრ ,,თერგში“ გაჩენილი ხანძრისას დაზარალებულებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე შეხვდა.

კალაძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ხანძრის გამომწვევი მიზეზების დასადგენად დაწყებული ექსპერტიზა დასრულდება  მოვაჭრეები საკუთარ მაღაზიებში შესვლას შეძლებენ.

დედაქალაქის მერის თქმით, ექსპერტიზის შემდეგ დაიწყება შენობის აღდგენითი სამუშაოები, მანამდე კი მოვაჭრეები საქმიანობის გაგრძელებას შენობის უსაფრთხო ნაწილში შეძლებენ.

,,როგორც კი ექსპერტ-კრიმინალისტები დაასრულებენ საქმეს, ახლა შესულები არიან და მუშაობენ, რომ დადგინდეს გამომწვევი მიზეზები. როგორც კი მუშაობას დაასრულებენ მაშინვე დაიწყება ბაზრობის აღდგენა. მანამდე დროებით, ადამიანებს ვისი საქონელიც გადარჩა მიეცემათ შესაძლებლობა გვერდით ფართებში გადაიყვანონ ეს ადამიანები, რომ გააგრძელონ საქმიანობა.

როგორც ადმინისტრაცია გვეუბნება, რამდენიმე დღის წინ მოხდა ელექტროობის ცვლილება და შეიძლება ითქვას, რომ ერთ ერთი ობიექტი იყო, რომელიც გამართული იყო სახანძრო უსაფრთხოების თვალსაზრისით, თუმცა ხანძარი მაინც მოხდა, ალბათ მიზეზიც დადგინდება,“- აცხადებს კალაძე.

ხანძრით დაზარალებულებს რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილიც შეხვდა. მისი თქმით, დაზარალებულებთან პრობლემის მოგვარების მიზნით ინდივიდუალურად მოხდება გასაუბრება.

სავაჭრო ცენტრ ,,თერგში“ ხანძარმა 3000 კვ.მეტრზე მეტი ფართობი გაანადგურა. მოვაჭრეები 100 ათასობით ლარის ზიანზე საუბრობენ. ისინი ზარალის ანაზღაურებასა და გადარჩენილი პროდუქტის უსაფრთხოდ გამოტანას ითხოვენ.

                        

დღის ამბები