სახალხო დამცველის რეკომენდაციების ანგარიშის განხილვა მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის პარლამენტში ურთიერთბრალდებების მიზეზი გახდა. ოპოზიცია გახმაურებული საქმეების გამოძიების პასუხს ითხოვს.
უმრავლესობა კი ოპოზიციას პოლიტიკურ სპეკულაციებში ადანაშაულებს.
პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარეს, ოთარ კახიძეს მმართველი გუნდის წარმომადგენლებისგან სურდა პასუხის მოსმენა, რა ფაზაშია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის მიმართ განხორციელებული მუქარაზე მიმდინარე გამოძიება.
„თქვენ ხართ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, თქვენ არ ხართ აქ სუს-ის წარმომადგენელი,“ - მიმართა ოთარ კახიძემ სოფო კილაძეს.
რაზეც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო კილაძემ უპასუხა, რომ ყველა საკითხზე ცალ-ცალკე ვერ ისაუბრებენ.
„ახლა ნუ მასწავლით, მე ვინ ვარ და რა ვარ, რა, ძალიან დიდი ბოდიში, ყოველგვარ ზღვარს გადადიხარ,“ - უპასუხა კილაძემ.
ოთარ კახიძემ სოფო კილაძე მსგავსი მიდგომების გამო გააკრიტიკა.
„ასეთი მიდგომა არის მიუღებელი განსაკუთრებით იმ ფიგურისგან, რომელიც თავმჯდომარეობს ადამიანის უფლებათა კომიტეტს. ეს არის ჩემი გულწრფელი სურვილი, ქალბატონო სოფო, რომ ამ თანამდებობაზე იყოს ფიგურა, რომელსაც რეალურად აღელვებს ადამიანის უფლებები ქვეყანაში,“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.
სოფო კილაძემ კი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს კი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობა შეახსენა.
„თუ დისკომფორტს ვუქმნი ადამიანის უფლებების კუთხით „ნაციონალურ მოძრაობას,“ ეს მე კარგი მგონია... ჩემთვის ეს კარგი ინდიკატორია, რომ იმ რეჟიმის წარმომადგენლები, რომელებიც ადამიანებს კლავდნენ, ხოცავდნენ, აწამებდნენ და ერთ უბედურებაში იყვნენ, ამ ხალხს მე არ მოვწონვარ,“ - განაცხადა კილაძემ.