20 ნოემბერი 2024,   13:23
ვრცლად
სახალხო დამცველის რეკომენდაციების ანგარიშის განხილვა პარლამენტში - ანგარიში მთავარი პროკურორის მოადგილეებმა და ნინო გვენეტაძემ წარადგინეს

სახალხო დამცველის რეკომენდაციების ანგარიშის განხილვა პარლამენტში - ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე ანგარიში ძალოვანი უწყების მინისტრის მოადგილეებმა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ წარადგინა.

„გავაკეთე განცხადება, რომელიც უკავშირდება იუსტიციის საბჭოს პოლიტიკას გამომდინარე სასამართლოების სისტემის სტრატეგიიდან და სამოქმედო გეგმიდან, რაც მიზნად ისახავს იუსტიციის საბჭოს მუშაობის გამჭვირვალობას ამ კუთხით, პროცედურების გამჭვირვალობას და საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის შესაბამისი ნორმის გაუმჯობესებას, რომელიც შეეხება სამწლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშნული მოსამართლეების უვადოდ გამწესების საკითხს,“ – განაცხადა გვენეტაძემ.

ნინო გვენეტაძე პრეზიდენტის მოწოდებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ვიდრე ე.წ. გირგვლიანის შესწორებებს პარლამენტი არ მიიღებს, იქამდე უვადოდ მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით იუსტიციის საბჭომ თავი შეიკავოს.

„თუ საკანონმდებლო ორგანო ამ მხრივ რაიმე დათქმას გააკეთებს გარდა ვალდებულებების სახით, ჩვენ მას შევასრულებთ, სხვა შემთხვევაში ჩვენ კანონის სივრციდან ვერ გავალთ,“ - განაცხადა გვენეტაძემ.

საუბარი მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების თემასაც სეეხო. საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილის, გიორგი გაბიტაშვილის თქმით, მიხეილ ამ საკითხზე შესაბამის ქვეყნებთან თანამშრომლობენ.

„როგორც მიხეილ სააკაშვილის, ისე სხვა მსჯავრდებული პირების მიმართ, რომლების მიმართაც ჩვენ ექსტრადაციის მოთხოვნა ჩვენი შუამდგომლობის ფარგლებში ჩვენ ვთანამშრომლობთ ყველა ამ მოთხოვნის მიმღებ სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებთან,“ - აცხადებს გიორგი გაბიტაშვილი.

გიორგი გაბიტაშვილმა პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამსახურეობრივი უფლებამოსილებების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

„პანკისში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სამსახურეობრივი უფლებამოსილებების სავარაუდო გადამეტების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები, რომელთა დასკვნებიც ჯერ მიღებული არ არის და ველოდებით ექსპერტიზის დასკვნებს,“ – განაცხადა გიორგი გაბიტაშვილმა.

დღის ამბები