ევროპარლამენტარები, ცხინვალის ციხეში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის საქმის დროულ გამოძიებას და ცხედრის უმოკლეს დროში გადმოსვენებას ითხოვენ. ევროპელი დეპუტატები ქართველი სამხედროს ოჯახს სამძიმარს უცხადებენ. მათ პირველი განმარტებები ქართული დელეგაციის წევრებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთეს.
ევროპარლამენტის წევრი კლერ მუდი, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ცხედარი ოჯახს დაუყოვნებლივ უნდა გადაეცეს. მისვე თქმით, უნდა მოხდეს გამოძიება, თუ რა ვითარებაში გარდაიცვალა ის.
„ნამდვილად სერიოზული საქმე და ამავდროულად, შოკისმომგვრელი შემთხვევაა. ტატუნაშვილი გარდაიცვალა გაურკვეველ გარემოებაში, ამიტომ ჩვენ, როგორც ევროპარლამენტარებს, გვინდა ვიცოდეთ, რა მოხდა. სუფთა ადამიანური საკითხია ისიც, რომ ცხედარი ოჯახს უნდა დაუბრუნდეს. ხელისუფლებას შეუძლია გამოიძიოს სათანადოდ, რა ვითარებაში დაიღუპა ეს ადამიანი. მინდა მივუსამძიმრო მის ოჯახს. კიდევ ორი მოქალაქეა დარჩენილი, რომლებსაც უნდა შეეძლოთ სახლში მშვიდობით დაბრუნება. მნიშვნელოვანია, რომ ვუზრუნველყოთ სათანადოდ ჩატარდეს გამოძიება, სათანადო შედეგის მისაღებად,“ - განაცხადა კლერ მუდიმ.
გარდა ამისა, ევროპარლამენტარმა კომენტარი გააკეთა უმრავლესობის ინიციატივასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც ქართველი დეპუტატები ევროპარლამენტარებს, რეზოლუციის ან განცხადების მომზადების თხოვნით მიმართავენ, სადაც საუბარი იქნება ოთხოზორიასა და ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეებზე.
„რაც შეეხება რეზოლუციას, არსებობს ბევრი შესაძლებლობა. დაველაპარაკები ჩემს კოლეგებს. 10 წელი სრულდება აგვისტოს ომიდან და არსებობს ლეგიტიმური მიზეზი, რომ ვიმოქმედოთ,“ - აცხადებს კლერ მუდი.
შეხვედრის შემდეგ, კომენტარი გააკეთა ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრმა თამარ ჩუგოშვილმა.
„ყველა ევროპარლამენტართან, რომელთანაც ჩვენ საუბარი გვაქვს, ვსაუბრობთ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით, მის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით და ამ დეპუტატების მხარდაჭერა ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი, რომ ერთის მხრივ, სამომავლოდ პრევენცია მოხდეს უფრო მეტად და მეორეს მხრივ, რუსეთმა იცოდეს, რომ თითოეულ ამგვარ ფაქტს მოყვება შესაბამისი რეაგირება,“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
ევროპარლამენტში, ქართველი დეპუტატები, დახურულ კარს მიღმა, ცხინვალის ციხეში, გაურკვეველ ვითარებაში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე საუბრობდნენ. ქართული დელეგაციის წევრებმა ბრიუსელში შეხვედრები უკვე დაიწყეს.