ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები შედის. სამართალდამცავის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, მისი სიტყვიერი შეურაცხყოფა ან შეურაცხმყოფელი ქმედება - ყველა ამ ადმინისტრაციული დანაშაულისთვის ჯარიმა 1000-დან 4000 ლარამდე იქნება, აქამდე კანონმდებლობა იგივე ქმედებისთვის მხოლოდ 250 ლარიდან 2000 ლარამდე ფინანსურ სანქციას ითვალისწინებდა.
ათჯერ იზრდება ჯარიმა ხულიგნობისთვის, თუ ახლა დამნაშავეს 100 ლარი ეკისრება, კანონში ცვლილებების შესვლის შემდეგ ეს თანხა 500-დან 1000 ლარამდე იქნება. კანონპროექტი პარლამეტში უკვე შესულია.
სანქციები იზრდება საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვისაც, ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს 500 ლარიდან 1000 ლარამდე ჯარიმას ან 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.
არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას ახსენებენ დაპირებას, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ძირეული ცვლილებები შევიდოდა, ცალკეული მუხლების გამკაცრებით კი მესამე სექტორის აზრით, იზრდება მოქალაქეების უფლებების დარღვევის რისკი.
ცვლილებებს პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე განიხილავს.