20 ნოემბერი 2024,   13:19
ვრცლად
ცხედრის გადმოსვენება და ორი დაკავებული მოქალაქის გადმოსვლა კონტროლირებად ტერიტორიაზე არის პრიორიტეტი - ქეთევან ციხელაშვილი

„ამ ეტაპისთვის არის ჩართული აბსოლუტურად ყველა ბერკეტი, რაც გააჩნია სახელმწიფოს,“ - ეს განცხადება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენებასა და კიდევ ორი მოქალაქის გათავისუფლების საკითხზე საუბრისას გააკეთა.

ქეთევან ციხელაშვილის თქმით, სახელმწიფოს მიზანია ორივე მოქალაქე უვნებელი გადმოვიდეს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე.

„ამ ეტაპისთვის არის ჩართული აბსოლუტურად ყველა ბერკეტი, რაც გააჩნია სახელმწიფოს იმისთვის, რომ ყველაზე მთავარი და სასწრაფო პრიორიტეტი - ცხედრის გადმოსვენება მოხერხდეს და მოხერხდეს ჩვენი ორი დაკავებული მოქალაქის გადმოსვლა საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა ჯანმრთელად და უვნებლად,“ - განაცხადა მინისტრმა.

ქეთევან ციხელაშვილის თქმით, ოსურ მხარესთან კომუნიკაცია მიმდინარეობს. მისი თქმით, დღეს წითელი ჯვარი უკვე ჩართულია მოლაპარაკებებში.  

მინისტრს მიუღებლად მიაჩნია ცხედრის გადმოსვენების დაყოვნებასთან დაკავშირებით დეფაქტო ხელისუფლების მიერ გახმოვანებულ არგუმენტები.

„თავისთავად არის ძალიან ბევრი წინააღმდეგობა ამ გავრცელებულ ინფორმაციაში, დაწყებული იმ საბაბიდან თითქოს, რის საფუძველზეც მოხდა ჩვენი მოქალაქეების დაკავება ახალგორში, 22 თებერვალს, დასრულებული გარდაცვალების მიზეზებად, რაც სახელდება და კიდევ ერთხელ ვამბობ, არის ძალიან წინააღმდეგობრივი და საკმაოდ უნიჭო მცდელობა, რომ ეს საქმე ასე შეიკეროს,“ - განაცხადა მინისტრმა.

ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ექსპერტიზის დროული ჩატარება არის რეალური მიზეზების დასადგენად საჭირო.

„სამწუხაროდ, ყველა ადამიანი, განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა, მავთულხლართებს მიღმა ამ რეჟიმის გარკვეულ მძევალს წარმოადგენს, რადგანაც იქ ირღვევა ადამიანის უფლებები და იმ ვითარებაში, როდესაც რუსეთი ახორციელებს ექსკლუზიურ კონტროლს, დღემდე არ უშვებს, რომ განხორციელდეს იქ საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმები,“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

მინისტრმა რუსეთთან ურთიერთობაზეც ისაუბრა.

„ჩვენი ამოცანაა ურთიერთობების იმ ჭრილში წაყვანა, სადაც შესაძლებელია, რომ ჩვენ ავირიდოთ თავიდან გარკვეული ესკალაცია, ხოლო იმ საკითხებში, სადაც ჩვენ გვაქვს მთავარი პრობლემა და გამოწვევა, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია, აქ ჩვენი პოლიტიკა არის ძალიან პრინციპული,“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

დღის ამბები