საოკუპაციო რეჟიმი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემას განზრახ აჭიანურებს და კვალის გაქრობას ცდილობს, რომ გარდაცვალების რეალური მიზეზების დადგენა ვეღარ მოხერხდეს - ეს განცხადება სახალხო დამცველმა ცოტა ხნის წინ გააკეთა.
ნინო ლომჯარია ხელისუფლებას მოუწოდებს, ცხედრის გადმოსასვენებლად დროულად მიიღონ ყველა ზომა, რათა საოკუპაციო რეჟიმმა ვერ მოახერხოს დანაშაულის კვალის წაშლა.
„ცხედრის გადმოცემის გაჭიანურება ემსახურება სწორედ იმ მიზანს, რომ არ დადგინდეს გარდაცვალების რეალური მიზეზები. სახალხო დამცველისთვის მიწოდებული ინფორმაციით, ტატუნაშვილი სამედიცინო დაწესებულებაში უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს, რომელსაც აღენიშნებოდა ფიზიკური დაზიანებები და გავრცელებული ცნობები, რომ შემდგომ გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას“- ამბობს ნინო ლომჯარია.
ტატუნაშვილის გადმოსვენების საქმეზე კომენტარები გაკეთდა საპარლამენტო ოპოზიციაშიც. მათი განცხადებით, ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა დროულად მოხდეს ცხედრის გადმოსვენება. გარდა ამისა, მათი განცხადებით, ხელისუფლებამ უნდა გადადგას ყველა ნაბიჯი, რათა რუსეთისთვის ნათელი იყოს, რომ მსგავსი ქმედებების გამო მას დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს.