ევროპარლამენტში რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ, კიდევ ერთი რეზოლუცია მზადდება. ამ ინიციატივას ბრიუსელში მხარს უჭერენ. კონკრეტული ვადები არ სახელდება, თუმცა ვარაუდობენ, რომ რეზოლუცია ზაფხულამდე მომზადდება.
რეზოლუციის, რაც შეიძლება მალე მომზადების ერთ-ერთი მიზეზი, ცხინვალის ციხეში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა გახდა. ევროპარლამენტარებს მიაჩნიათ, რომ რეზოლუციაში საუბარი გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეებზე უნდა იყოს. გარდა ამისა, რეზოლუციაში ასახული უნდა იყოს მათი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ქართველი დეპუტატები ამ თემებთან დაკავშირებით, ევროპელ კოლეგებთან შეხვედრებს მართავენ.
„ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი თანამშრომლობა საქართველოს პარლამენტთან. დღის წესრიგში რამდენიმე საკითხია და მინდა გითხრათ, რომ მხარს ვუჭერ რეზოლუციის მომზადებას რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის 10 წლისთავთან დაკავშირებით. ჩვენ უნდა გავამახვილოთ ყურადღება ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე. ევროპარლამენტი არ უნდა გაჩუმდეს ასეთ თემებზე. ამ რეზოლუციით ასევე შევძლებთ ინფორმირებულობის გაზრდას ევროკავშირის 28-ვე წევრ ქვეყანაში, რომ ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს, როგორც ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორის, ტერიტორიულ მთლიანობას,“ - განაცხადა ევროპარლამენტის დელეგაციას საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ დევიდ მაკალისტერმა.
განცხადება გააკეთა ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარემ საჯით კარიმმა.
„ჩვენ, როგორც ევროპარლამენტმა ლიდერის ფუნქცია უნდა შევასრულოთ და უზრუნველვყოთ, რომ ხალხმა იცოდეს რეალურად რა ვითარებაა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ევროპარლამენტში უკვე მიმდინარეობს დისკუსია რეზოლუციის შემუშავებაზე. მე როგორც დელეგაციის თავმჯდომარე მხარს დავუჭერ ასეთი დოკუმენტის მიღებას,“ - განაცხადა საჯით კარიმმა.