„არსებობს შეშფოთება, კერძოდ ჩემს ქვეყანაში, გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის გაზრდაზე,“ - ეს განცხადება ევროპარლამენტის დელეგაციას საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ დევიდ მაკალისტერმა უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით გააკეთა.
ქართველი დეპუტატები ევროპარლამენტში მეორე დღეა შეხვედრებს მართავენ. დევიდ მაკალისტერის თქმით, ქართველ დეპუტატებთან შეხვედრის დროს, უვიზო მიმოსვლასაც შეეხო საუბარი.
მაკალისტერი მიიჩნევს, რომ ამ მიმართულებით, ქართულმა მხარემ კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას.
„ჩვენ ვისაუბრეთ ასევე ქვეყნის შიდა საქმეებზე. მაინტერესებდა იციან თუ არა ქართველმა პარლამენტარებმა რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რომ ევროკავშირის მხრიდან შეჩერების მექანიზმის ამოქმედება თავიდან ავიცილოთ. არსებობს შეშფოთება, კერძოდ ჩემს ქვეყანაში, გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის გაზრდაზე. საქართველოს მთავრობამ და პარლამენტმა ეს უნდა მოაგვაროს. საქართველოში ორჯერ ვარ ნამყოფი. შესანიშნავი ქვეყანაა და მინდა რომ წარმატებული იყოს,“ - განაცხადა დევიდ მაკალისტერმა.