კიდევ ერთი რეზოლუცია რუსული ოკუპაციის წინააღდეგ - ქართველი დეპუტატები იმედოვნებენ, რომ ევროპარლამენტარები რეზოლუციას, ზაფხულამდე მიიღებენ. კერძოდ, რეზოლუციაში საუბარი იქნება საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის და რუსეთის აგრესიული პოლიტიკის შესახებ.
„ქართული ოცნების“ წევრის თამარ ჩუგოშვილის თქმით, ინიციატივას ბრიუსელში მხარს, თითქმის ყველა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელი უჭერს.
„ზაფხულამდე ჩვენ გვაქვს შანსი, რომ ევროპარლამენტმა მიიღოს რეზოლუცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე და ოკუპაციის პრობლემაზე. ბუნებრივია, რომ ევროპარლამენტში იქნებიან გარკვეული წევრები, რომლებმაც შეიძლება არ გაიზიარონ, მაგრამ როგორც ჩანს, პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლების უმრავლესობა მხარს დაუჭერს ამ იდეას,“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
„ევროპულ საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძის განცხადებით, ევროპარლამენტარების მხრიდან მათმა ინიციატივამ მოწონება დაიმსახურა. კონკრეტულად კი, „ევროპული საქართველო“ ე.წ. ოთხოზორიას სიის შედგენას ითხოვს.
„ჩვენი მხრიდან დასმული იქნა საკითხი და მოწონება იქნა მიღებული ევროპარლამენტარების მხრიდან. თემა ეხება ოთხოზორიას სიის შედგენას. ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა აღიარონ ჩვენთან არსებული მდგომარეობა, როგორც ოკუპაცია და ამ მიმართულებით დადგას ნაბიჯი როგორც საბჭომ, ისე კომისიამ,“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
შეგახსენებთ, რომ ქართველი დეპუტატები ევროპარლამენტში მეორე დღეა შეხვედრებს მართავენ.