ქრთამის აღების ფაქტზე საკრებულოს წევრის, თემურ გორგაძის დაკავებასთან დაკავშირებით საკრებულოში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, რომ კანონის წინაშე ყველა ადამიანი პასუხს აგებს.
"ჩვენ ვიცავთ უდანაშაულობის პრეზუმფციას და სასამართლოს გადაწყვეტილებამდე არაფერს ვამტკიცებთ, თუმცა ეს არის თავისთავად ცუდი ფაქტი და არ შევეგუებით დანაშაულს არავის მხრიდან, იქნება ეს ჩვენი კოლეგა თანაგუნდელი თუ ნებისმიერი მოქალაქე. უფრო მკაცრი იქნება მიდგომები იმ თანაგუნდელების მიმართ, ვინც არაკეთილსინდისიერი ქმედებებით ჩრდილს მიაყენებს ჩვენს საქმიანობას. დღევანდელი ფაქტი კიდევ ერთი დასტურია, რომ საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა და ყველა ადამიანი, რომელიც კანონს დაარღვევს, უმკაცრესად აგებს პასუხს, სტატუსისა და პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად,“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე ქალაქ თბილისის საკრებულოს წევრი, კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი თემურ გორგაძე დააკავეს.