ხელფასების გამო დაწყებული დაპირისპირება ბორჯომის საკრებულოში ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. ბორჯომის მერიის თანამშრომლები და საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრები უმრავლესობაში მყოფ ოპოზიციური პარტიების წევრებს მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, რაც საშტატო ნუსხა საკრებულოს სხდომაზე არ დაამტკიცეს და არც ხელფასების ზრდას დაუჭირეს მხარი.
ბორჯომის საკრებულოს წევრი „ლეიბორისტული პარტიიდან“ ამტკიცებს, რომ ამ ინციდენტის შემდეგ მას „ქართული ოცნების“ აქტივისტები თავს დაესხნენ და სცემეს.
მეორე ხელჩართული ჩხუბი ბორჯომის საკრებულოს შენობაში „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას გამოჩენას მოჰყვა. ის თბილისიდან ბორჯომში ოპოზიციის წევრებზე თავდასხმის შემდეგ ჩავიდა. ნიკა მელიას ბორჯომის მერიის თანამშრომლები დაუპირისპირდნენ, რომლებიც საკრებულოს შენობაში ახალი სახელფასო და საშტატო ნუსხის დამტკიცებას ითხოვდნენ.
ხელფასები გაზრდის მოთხოვნით საკრებულოში შეკრებილებმა დღეს თავმჯდომარის კაბინეტის შესასვლელის პარალიზება მოახდინეს.
საკრებულოს თავმჯდომარე მერიის თანამშრომლების პრეტენზიას არ იზიარებს. განვითარებულ პროცესებზე კი პასუხიმგებლობას ბორჯომის მერს და მერიის შესაბამის სამსახურებს აკისრებს.
ხელჩართული ჩხუბის შემდეგ, ბორჯომის საკრებულოს სხდომა დღის ბოლოს მაინც გაიმართა და ხელფასების ზრდის საკითხი კენჭისყრაზე დადგა. "ქართულმა ოცნებამ“ ამჯერად საჭირო ხმების მობილიზება შეძლო და ხელფასების მატებას მხარი დაუჭირა, თუმცა ოპოზიციური პარტიების წევრები ამბობენ, რომ სხდომა არალეგიტიმური იყო.
ბორჯომში "ევროპული საქართველოს" წევრი, სერგო რატიანიც ჩავიდა, თუმცა მას სხდომათა დარბაზში არ უშვებენ.
„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ბორჯომის საკრებულოში პოლიტიკური კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი საკრებულოს დაშლა და ხელახალი არჩევნების დანიშვნაა.
ავტორი: იზო ჩუბინიძე.