„ახალი საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ ოპოზიციურ პარტიებს „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ საერთო ბრძოლისკენ მოუწოდა. პარალელურად, მან „ევროპული საქართველო“ ვანსა და ხონში მაჟორიტარობის კანდიდატის ადრეულ ეტაპზე დასახელების გამო, არაკონსტრუქციულობაში დაადანაშაულა.
პოლიტიკური პლატფორმა ”ახალი საქართველოს” თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ოპოზიციის ლიდერებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, ხელისუფლების სატელიტ პარტიებად დარჩებიან თუ „ქართულ ოცნებას“ კონკურენციას საერთო საპრეზიდენტო კანდიდატით გაუწევენ.
„ევროპულ საქართველოში“ ამბობენ, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა მათ წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია დაიწყეს. პარტია ამ მოცემულობაში ერთიანი საპრეზიდენტო კანდიდატის დასახლების აზრს ვერ ხედავს.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ კი დარწმუნებულები არიან, რომ სწორედ „ევროპული საქართველოს“ გადაწყვეტილებამ - გიგი უგულავა ვანისა და ხონის შუალედურ არჩევნებში კანდიდატ წარედგინა, ოპოზიციურ ერთობას ხელი შეუშალა.
შუალედური მაჟორიტარული არჩევნებისთვის საერთო კანდიდატზე მოლაპარაკებები მიდის, თუმცა „ნაციონალურ მოძრაობაში“ შეთანხმების შანსს ვერ ხედავენ.
პარტიაში ამბობენ, რომ ოპოზიციამ უახლოეს თვეებში კონსულტაციები პრეზიდენტობის საერთო კანდიდატის შესარჩევად უნდა გამართოს.
პრეზიდენტობის ერთიანი კანდიდატის შესარჩევად კონსულტაციების აუცილებლობაზე არასაპარლამენტო ოპოზიციაც საუბრობდა.
საპრეზიდენტო არჩევნებზე საერთო კანდიდატით გამოსვლასთან დაკავშირებით კონსულტაციებს ოპოზიცია უახლოეს დღეებში დაიწყებს.