ბორჯომის მერიის თანამშრომლები გაფიცვას და ფართომასშტაბიან აქციებს აანონსებენ. მათ, "ქართული ოცნების" დეპუტატებთან ერთად გვიან ღამემდე პიკეტირებული ჰქონდათ ბორჯომის საკრებულოს შენობა და თავმჯდომარეს კაბინეტიდან გასვლის უფლებას არ აძლევდნენ.
ზაზა ჩაჩანიძისგან ჯერ ხელფასების მომატების შესახებ სხდომის ოქმზე ხელმოწერას, შემდეგ კი მისი თანამდებობიდან გადადგომას ითხოვდნენ.
„ეს არის ყველანაირი დადასტურებით ნიკანორ მელიას, „ნაციონალური მოძრაობის“, ზაზა ჩაჩანიძის საბოტაჟი ჩვენი ქალაქის და მოსახლეობის წინაშე და ხვალიდან დაიწყება აქციები - მოთხოვნით, რომ ადამიანები რომლებიც არ ასრულებენ კანონს მოშორდნენ ბორჯომის მუნიციპალიტეტს,“-ამბობს ბორჯომის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კვირკველია.
ადგილზე გვიანობამდე იმყოფებოდნენ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები.
“ყველა მოძალადე და ყველა აგრესორი, რომელიც დღეს ძალადობდა დეპუტატებზე „ქართული ოცნების“ რიგებიდან უნდა დაისაჯონ და დაისაჯონ კანონის წინაშე. იმედია ოდნავ მაინც შემორჩა რამდენიმე ადამიანი, რომელიც იძულებით მაინც აზროვნებს საღად. ის რაც დღეს მათ ჩაიდინეს, ეს უკვალოდ არ ჩაივლის,“-განაცხადა ენმ-ს წევრმა ნიკა მელიამ.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც უმრავლესობაში მყოფმა ოპოზიციამ მერიის თანამშრომლებისთვის ხელფასების გაზრდის შესახებ საკითხი ჩააგდო.
„აპირებენ ტრანსპორტის გაფიცვას, თანამშრომლების გაფიცვას, დასუფთავების მანქანების არ გაშვებას დასასუფთავებლად და იყენებენ მოქალაქეებს. საკრებულო წინააღმდეგი იყო მერის, მერის მოადგილეების და მაღალჩინოსნების ხელფასების მატებაზე. ჩვენ ნუ გვაბრალებენ, არანაირად საკრებულოს ბრალი ეს არ არის, ეს არის მერიის ბრალი,“-აცხადებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე.