ბორჯომში, ქალაქის ცენტრში პოლიციის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცრაზმია მობილიზებული. ადგილზე 10-ზე მეტი სატვირთო მანქანა და მიკროავტობუსია მობილიზებული, რომელშიც სპეცრაზმელები იმყოფებიან.
უცნობია თუ რას უკავშირდება რამდენიმე ათეული სპეცრაზმელის მობილიზება. ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ გაკეთებულა.
ოპოზიციაში კი ვარაუდობენ, რომ ბორჯომში, სპეცრაზმი, საკრებულოში მიმდინარე პროცესების გამო შეიყვანეს.
საქმე ეხება, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გუშინ მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას, რომელიც მას შემდეგ დაიწყო, რაც უმრავლესობაში მყოფმა ოპოზიციამ მერიის თანამშრომლებისთვის ხელფასების გაზრდის შესახებ საკითხი ჩააგდო.
გვიან ღამით კი ბორჯომის მერიის თანამშრომლებმა გაფიცვა და ფართომასშტაბიანი აქციები დააანონსეს.
ბორჯომში ამ დრომდე რჩებიან ,,ნაციონალური მოძრაობისა" და ,,ევროპული საქართველოს" წარმომადგენლები.