20 ნოემბერი 2024,   11:41
ვრცლად
"უნამუსო ხარ, ზაზა" - ბორჯომის საკრებულოში განვითარებული მოვლენების განხილვას პარლამენტში დაპირისპირება მოჰყვა 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მიმდინარე მოვლენების განხილვას დაპირისპირება მოჰყვა პარლამენტში რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე.

კომიტეტის სხდომაზე ,,ევროპული საქართველოს“ წევრებმა  ზაზა გაბუნიას მიმართეს. მათი მოთხოვნა იყო, რომ კომიტეტზე ბორჯომის საკრებულოში განვითარებულ მოვლენებზე ემსჯელათ.

,,არ შეიძლება არჩევნების წაგების გამო დებოში მოაწყო. არ შეიძლება ძალადობას მიმართო, პოლიციას მისცე მითითება, რომ ხელი არ გაანძრიოს. კონკრეტული მითითება მიეცით, რომ წესრიგი დაამყარონ საკრებულოში. ამაზე უნდა ვიმსჯელოთ ,რა დღეშია ჩვენი თვითმმართველობა. თან რა საგანზეა ეს- ხელფასი მოგვიმატეო.

შს სამინისტროს რა უშვრებით?-ოცნების მონები უნდა გახდნენ?“- განაცხადა ხოშტარიამ.

ხოშტარიას განცხადების შემდეგ მმართველი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა ზაზა გაბუნიამ მოუწოდა ოპოზიციას, რომ მხოლოდ კომიტეტის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე ემსჯელათ.

სწორედ ამ განცხადებას მოჰყვა დაპირისპირება გაბუნიასა ,,ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერ ნიკა მელიას შორის. მელიას განცხადებით,  საპარლამენტო უმრავლესობას არ უნდა უკვირდეს ის კრიტიკა, რომელსაც ბორჯომის საკრებულოსთან მიმართებაში ისმენს. მელიას თქმით, უმრავლესობის წევრები ახლაც ბორჯომში უნდა იყვნენ და სიტუაციის განმუხტვას უნდა ცდილობდნენ.

,,როდესაც გუშინ 700 აქტივისტთან ერთად საკრებულოს თქვენი წევრები გამოცხადდნენ დაარბიეს შენობა, გაუსწორდნენ საკრებულოს წევრებს , დღის 12 საათზე საკრებულოს წევრი იყო ნაცემი, ამის შემდეგ მოხდა პიკეტირება და ოთახებში გამომწყვდევა. ჩავედი, რადგან იქ არამხოლოდ ნაციონალური მოძრაობის წევრები იყვნენ გამომწყვდეული და იხილეთ რა დაპირისპირებაში შემოვიდნენ ჩემთან.

პოლიციელი ათი საათის განმავლობაში ადგილზე არ იყო“- მიმართა მელიამ გაბუნიას.

ზაზა გაბუნია საპარლამენტო ოპოზიციის წევრს ,,ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს ნიკა მელიას დაუპირისპირდა და თქვა, რომ მის მიერ აღწერილი მოვლენები, რომელიც გუშინ ბორჯომის საკრებულოში განვითარდა რეალობას არ შეესაბამება და არის ცალმხრივად გადმოცემული.

უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ოპოზიცია ცრუობს და მომხდარზე გამოძიება დაწყებულია.

დღის ამბები