„არ არის სწორი თბილისიდან ლიდერების ჩარევა თვითმმართველი ორგანოს საქმიანობაში, თან ჩარევა დესტრუქციის კუთხით,“ - ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ”საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” გენერალური მდივანი, ირმა ინაშვილი ბორჯომის საკრებულოში განვითარებულ მოვლენებს.
"პატრიოტთა ალიანსს" ბორჯომის წარმომადგენლობით ორგანოში 11 დეპუტატი ჰყავს და ამავე პარტიიდანაა არჩეული საკრებულოს თავმჯდომარეც.
ირმა ინაშვილის თქმით, ის, ჯერჯერობით, ვერ ხედავს ადგილზე ჩასვლის საჭიროებას.
სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერების ბორჯომში ვიზიტს კი „პატრიოტთა ალიანსში“ დესტრუქციულ ქმედებად აფასებენ.
„არ არის სწორი თბილისიდან ლიდერების ჩარევა თვითმმართველი ორგანოს საქმიანობაში, თან ჩარევა დესტრუქციის კუთხით. მინდა მოვუწოდო „ქართულ ოცნებას“, „ქართული ოცნებაც“ გამოვიდეს დესტრუქციული ქმედებების რეჟიმიდან, დასხდნენ ერთ მაგიდასთან და მონახონ საერთო ენა. პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა, განსაკუთრებით იმ პარტიებისა, რომლებსაც ერთი დეპუტატი ჰყავთ ბორჯომის საკრებულოში, თავი უნდა შეიკავონ საკრებულოს საქმიანობაში უხეში ჩარევისგან, მე ამ შემთხვევაში, კონკრეტულად, ბატონ მელიაზე ვსაუბრობ, რომელსაც არავითარი შეხება არ აქვს ბორჯომის საკრებულოსთან,“ - განაცხადა ინაშვილმა.