ე.წ. სამხრეთ ოსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქეების დაკავება და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა - ამ საკითხებზე შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრაზე იმსჯელებენ.
შეხვედრა რამდენიმე წუთში დაიწყება.
კულტურულ ურთიერთობათა ცენტრის „კავკასიური სახლი“ აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი კანაშვილის განცხადებით, გრძელვადიან პერსპექტივაში სახელმწიფო საერთაშორისო დონეზე უნდა გააქტიურდეს.
„საჭიროა გრძელვადიან პერსპექტივაში, შემთხვევიდან შემთხვევამდე, ასეთ ტრაგიკულ მომენტებამდე სახელმწიფომ კიდევ უფრო აქტიურად იმუშაოს საერთაშორისო თანამეგობრობასთან, იმისთვის, რომ აჩვენონ, რა პრობლემების წინაშე დგას, ზოგადად, ქართული თემი ახალგორში და გალის რაიონში და ალბათ, სახელმწიფომ კიდევ უფრო უნდა გააძლიეროს ეთნიკურად ქართველების მხარდაჭერა ამ რაიონში,“ - განაცხადა გიორგი კანაშვილმა.
„საქართველოს რეფორმების ასოციაციის” დირექტორი პაატა გაფრინდაშვილი, ტატუნაშვილ-ოთხოზორიას სიის მიღების აუცილებლობაზე საუბრობს.
„კონკრეტულად, ამას ჰქვია, მომავალში სანქციების დაწესების ერთგვარი ბერკეტი და მექანიზმი. სანქციების მიმართულებით ცალსახად უნდა გადაიდგას ნაბიჯი, ბუნებრივია, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად,“ - განაცხადა გაფრინდაშვილმა.