„მიეცით საშუალება თვითმმართველობის ორგანოს, დაიწყოს ნორმალური ფუნქციონირება,“ - ასე აფასებს „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ბორჯომში მიმდინარე მოვლენებს.
შალვა ნათელაშვილი მმართველ გუნდს საკრებულოს შენობიდან სპეცრაზმის გაყვანისკენ მოუწოდებს.
„მე მოვუწოდებ ივანიშვილს, ახლავე გამოიყვანეთ აქტივისტები საკრებულო-მუნიციპალიტეტის შენობიდან. მიეცით საშუალება თვითმმართველობის ორგანოს, დაიწყოს ნორმალური ფუნქციონირება, დაუშვით დეპუტატები სამუშაო ადგილებზე, სპეცრაზმი გადაისროლეთ იქ, სადაც მათი ადგილია, ცეცხლის ხაზზე, სადაც ბიჭებს გვიკლავენ,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
ნათელაშვილის თქმით, მმართველი გუნდი დღეს ბორჯომში რეალური თვითმმართველობის ჩახშობას ცდილობს.
„საქართველოში ყველა მერის და გუბერნატორის საკითხი აშშ-სა და ევროკავშირში დავსვათ, ფინანსური და სავიზო სანქციების ჭიშკართან. ვინაიდან, ყველა დანარჩენ რეგიონებში მერები და გუბერნატორები არიან ზუსტად ისეთნი, რასაც ჩვენ ვხედავთ ბორჯომში,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.