,,ადგილობრივი ხელისუფლება ბორჯომში ვერ მოაწყობდა იმას, რაც მოაწყო - ცენტრალური ხელისუფლების წაქეზებისა და ჩართულობის გარეშე,“- ამის შესახებ განცხადება, ,,ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ გააკეთა.
მელიას თქმით, პარლამენტში რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირებისას ნათელი გახდა, რომ ხელისუფლებას პრობლემად არ მიაჩნია ის რაც ბოლო ორი დღეა ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ხდება.
,,პრობლემას ვერ ხედავს ,,ქართული ოცნების“ დეპუტაცია და ეს მათ თქვეს განცხადებით.
თურმე არ ყოფილა პრობლემა, რომ დღის 12:00 საათზე ფიზიკურად გაუსწორდნენ დეპუტატებს და 700 კაციანი პარტიული აქტივით შენობის პიკეტირება მოახდინეს.
პრობლემა ის ყოფილა, რომ მე ამ ადამიანების საშველად როცა ჩავედი საღამოს ექვს საათზე ,,ქართული ოცნების“ დეპუტაციის აზრით, ამან მოახდინა ესკალაცია. მაშინ როდესაც მთელი 12 საათის განმავლობაში არც ერთი პოლიციის თანამშრომელი არ იყო იქ,“-აცხადებს მელია.
საპარლამენტო უმრავლესობისაგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ითხოვს ,,ევროპული საქართველო“. ელენე ხოშტარიას განცხადებით, კომიტეტის სხდომაზე მან შესთავაზა საპარლამენტო უმრავლესობას ერთობლივად ჩასულიყვნენ ბორჯომში და განცხადება გაეკეთებინათ, თუმცა ეს საკითხი არც განიხილეს.
,,ეს არის ,,ქართული ოცნების" პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ რეგიონში, სადაც მოიგო ოპოზიციამ ძალადობრივად შეცვალონ არ მიიღონ ეს და ამით დააზიანონ დემოკრატია და ჩაიგდონ ძალით ძალაუფლება ხელში. თან რა საკითხით?!- ხელფასების საკითხით. თან აზიანებენ შს სამინისტროს და პოლიციის ინსტიტუტს, იმიტომ რომ ამ პოლიტიკური გადაწყვეტილების გამო პოლიცია განზე გადგა.
ჩვენ დავაყენეთ ასევე კონკრეტული ინიციატივა, რომ ჩავიდეთ კომიტეტი ბორჯომში, მივიღოთ ერთობლივი განცხადება- საერთოდ კენჭისყრაზეც არ დააყენეს ეს საკითხი“-აცხადებს ელენე ხოშტარია.