„შოკირებული ვიყავი, როდესაც თბილისიდან ახლად დაბრუნებულმა შევიტყვე, რომ ადამიანები არა მხოლოდ გაიტაცეს, არამედ ერთი მათგანი, არჩილ ტატუნაშვილი მოკლეს,“ - ეს განცხადება, ევროპარლამენტის წევრმა რებეკა ჰარმსმა გააკეთა.
ევროპარლამენტარი ევროკავშირისგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს და აცხადებს, რომ საქართველოს მხარდასაჭერად მაგნიტსკის სიის ანალოგიური დოკუმენტის მიღებას მხარს უჭერს.
ჰარმსი ასევე ენგურის გამშვებ-პუნქტზე მალხაზ წურწუმიას დაკავების ფაქტს ეხმაურება. ევროპარლამენტარი წურწუმიას დაკავებას შემაშფოთებელს უწოდებს.
„სერიოზულად უნდა მივუდგეთ ასეთ საკითხებს, რადგან ვითარება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნამდვილად საგანგაშოა. შოკირებული ვიყავი, როდესაც თბილისიდან ახლად დაბრუნებულმა შევიტყვე, რომ ადამიანები არა მხოლოდ გაიტაცეს, არამედ ერთი მათგანი, არჩილ ტატუნაშვილი მოკლეს. ეს ძალიან შემაშფოთებელია ფაქტია, მაგრამ უფრო საგანგაშოს ხდის საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის გატაცება აფხაზეთში, რომლის შესახებაც დღეს შევიტყვეთ. ევროკავშირი უნდა დაელაპარაკოს საქართველოს მთავრობას და მხარი დაუჭიროს ამ საკითხებში. რაც შეეხება სიას, მე ვიყავი მაგნიტსკის სიის მიღების ინიციატორი ევროპარლამენტარებს შორის. რა თქმა უნდა, კარგი იქნება ვნახოთ საქართველოს მიმართაც, რადგან ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მისი მოქალაქეების უფლებები ილახება. ეს იქნება კარგი ინსტრუმენტი იმის საჩვენებლად, რომ ამ ტერიტორიებზე, მოქალაქეთა უფლებები დაცული უნდა იყოს,“ - განაცხადა რებეკა ჰარმსმა.
რუსეთის წინააღმდეგ და ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუციის შესახებ საუბრობს საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე. თამარ ხულორდავა ამბობს, რომ მუშაობა რეზოლუციის ტექსტზე, ევროპარლამენტში ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან მიმდინარეობს.
„ევროპარლამენტს შეუძლია და გამოთქვა უკვე მზადყოფნა, რომ მიიღოს სპეციალური რეზოლუცია ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. ამ თემაზე ჩვენ ვმუშაობთ ევროპარლამენტში ყველა ძირითად პოლიტიკურ ჯგუფთან და საგაზაფხულო სესიის ბოლოსთვის, ნამდვილად იქნება ეს რეზოლუცია მიღებული, რომელიც კიდევ ერთხელ დააფიქსირებს საერთაშორისო საზოგადოების, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ევროპარლამენტის მყარ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და დაგმობს იმ ქმედებებს, რომელსაც ოკუპანტი ახორციელებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, მათ შორის, რა თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქეების უფლებების უხეშ დარღვევას,“ - განაცხადა თამარ ხულორდავამ.