მეორე დღეა, ბორჯომის საკრებულო პარალიზებულია. საკრებულოს ოპოზიციონერი თავმჯდომარე, რომელიც გუშინ საკუთარ კაბინეტში გამოკეტეს, დღეს ამავე კაბინეტში აღარ შეუშვეს.
ბორჯომის ცენტრში მთელი დღის განმავლობაში სამართალდამცველების განსაკუთრებული მობილიზაცია იყო. პოლიციის ალყაში იყო მოქცეული საკრებულოს შენობა, მიმდებარე ქუჩებზე კი სპეცრაზმის 10-მდე მანქანა იდგა. პოლიცია ბორჯომში პოზიციებს ამ დრომდე ამაგრებს. ალყაშია საკრებულოსა და გამგეობის შენობა.
ბორჯომის საკრებულოში დღეს არ შეუშვეს არც ოპოზიცური პარტიების დეპუტატები. მათ ეჭვი აქვთ, რომ შენობაში იზოლაციაში მყოფ თანამშრომლებზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ზეწოლას ახდენდნენ. მიზანი კი სადაო საშტატო ნუსხისა და ახალი სახელფასო ფონდის დამტკიცება იყო.
ბორჯომის საკრებულოს ოპოზიცია არ თანხმდება, ადგილობრივ ჩინოვნიკებს ხელფასები გაუზარდონ.
ბორჯომის საკრებულოში ჩაშლილი სამუშაო პროცესის გამო დაზარალდა ადგილობრივი მოსახლეობა. მათ დღეს საჭირო დოკუმენტები მუნიციპალიტეტში ვერ მიიტანეს.
პოლიციის მიერ ალყაშემორტყმულ შენობაში დღეს შესვლა არ უცდიათ ქართული ოცნების დეპუტატებს. ისინი სამსახურში საერთოდ არ მისულან. მათ საკრებულოს ოპოზიციონერი თავმჯდომარის, ზაზა ჩაჩანიძის გადადგომის მოთხოვნით აქცია გამართეს.