20 ნოემბერი 2024,   11:32
ვრცლად
მწვავე კამათი კომიტეტზე - ბორჯომში მომხდარი დაპირისპირება პარლამენტში ურთიერთბრალდებების მიზეზი გახდა

ბორჯომის საკრებულოში განვითარებული მოვლენებზე მსჯელობის მოთხოვნა, დაპირისპირების მიზეზი გახდა პარლამენტში.

რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე დაპირისპირება მმართველი გუნდის წარმომადგენლის, ზაზა გაბუნიას ბრალდების შემდეგ დაიწყო.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია, რომელსაც ბორჯომის საკრებულოში „ქართული ოცნების“ წევრები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, კომიტეტის თავმჯდომარისგან მომხდარის პოლიტიკურ შეფასებას ითხოვდა. ზაზა გაბუნიამ კი ვითარების დაძაბვაში ოპოზიცია დაადანაშაულა.

ოპოზიციის პროტესტი რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის დღის წესრიგის წარდგენისთანავე დაიწყო. „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ წევრებმა ბორჯომის საკრებულოში მომხდარი დაპირისპირების საკომიტეტო ფორმატში განხილვა მოითხოვეს. ოპოზიცია ხელისუფლებას ძალადობის წახალისებაში ადანაშაულებს.

„ევროპული საქართველოს“ წევრებმა ზაზა გაბუნიას ბორჯომში ჩასვლა და სიტუაციის ადგილზე გაცნობა შესთავაზა.

დაძაბული ვითარების განმუხტვა და დღის წესრიგში გაწერილ საკითხებზე გადასვლა კომიტეტის თავმჯდომარემ შესვენების გამოცხადებით სცადა, თუმცა დაპირისპირება და ურთიერთბრალდებები არც ამის შემდეგ შეწყვეტილა.

დაპირისპირების შემდეგ, ოპოზიციამ კომიტეტის სხდომა დატოვა. ბორჯომში განვითარებული მოვლენები დარბაზში მარტო დარჩენილ უმრავლესობას აღარ უხსენებია.

ამავე თემაზე
დღის ამბები