ღია წერილი ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსთან დაახლოვების წინააღმდეგ - რამდენიმე ცნობილი მეცნიერი და არტისტი, პოლიტიკოს ჯონდი ბაღათურიასთან ერთად ხელს აწერს გზავნილს, სადაც რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭების საფუძვლად ნატო-სკენ სწრაფვა სახელდება.
წერილის ავტორი უცნობია. ხელმომწერებიდან არავინ ადასტურებს, რომ ტექსტი მისი შედგენილია. ცხრა ხელმომწერიდან „კურიერთან“ განმარტება დღეს მხოლოდ ელიზბარ ჯაველიძემ და ჯონდი ბაღათურიამ გააკეთეს. პოზიციების სისწორეში ორივე მათგანი დარწმუნებულია.
ხელმომწერები პრობლემას ვერ ხედავენ იმაშიც, რომ ღია წერილი სწორედ იმ დროს გავრცელდა, როდესაც საოკუპაციო რეჟიმი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემაზე უარს ამბობს.
ელიზბარ ჯაველიძე დღეს მეცნიერებათა აკადემიის სხვა წევრებსაც დაემუქრა და თქვა, რომ პასუხს მოსთხოვს ყველას, ვინც ამ მიმართვას ხელი არ მოაწერა. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის, გიორგი კვესიტაძის ხელმოწერა კი ყალბი აღმოჩნდა.
წერილზე ხელმომწერები მხატვარი გია ბუღაძისთვის, წითელი ინტელიგენციის წარმომადგენლები და რუსეთის ინტერესების გამტარებლები არიან. მხატვარი ფიქრობს, რომ ეს ოფიციალური მოსკოვის მხრიდან ე.წ. რბილი ძალის აქტიურად გამოყენების ერთ-ერთი მაგალითია.
საგანგებო მიმართვა სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა. ღია წერილის ადრესატი დიპლომატიური კორპუსია, თუმცა, ხელმომწერებს ეს მიმართვა საელჩოებისთვის ოფიციალურად არ გადაუგზავნიათ.