საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი წილკანში, ცხინვალის ციხეში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ოჯახში იმყოფებოდა. პრემიერმა გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მან მიაწოდა ინფორმაცია თუ რა ნაბიჯებს დგამს სახელმწიფო იმისთვის, რომ ცხედარი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე უმოკლეს დროში იქნას გადმოსვენებული.
"სამძიმარი ვუთხარი ოჯახს. ჩამოვედი და ვუთხარი ინფორმაცია, რა ნაბიჯებს ვდგამთ. ერთი რამ მინდა იცოდეთ, რომ საქართველოს მთავრობა, ხელისუფლება ახორციელებს ყველაფერს, რაც ჩვენს ხელთ არის, ყველა ინსტრუმენტს ვიყენებთ იმისათვის, რომ უმოკლეს დროში იქნას ცხედარი გადმოსვენებული. ერთი რამ უნდა ითქვას, რომ რაც მოხდა, ეს არის უდიდესი ტრაგედია და ეს არის ძალიან ვერაგული ქმედება ქართველი, ოსი და აფხაზი ხალხის წინააღმდეგ. ყველაფერი არის გამიზნული იმისათვის, რომ ის ნაბიჯები, რომლებსაც ჩვენ ვდგამდით, იქნეს დისკრედიტირებული. საქართველოს მთავრობა თანმიმდევრულად გააგრძელებს იმ პოლიტიკას, რასაც დღემდე ვახორციელებდით და რისი შედეგიც იქნება ჩვენი ქვეყნის გამთლიანება. ამას წინ ვერაფერი დაუდგება ნამდვილად და დამნაშავეები აუცილებლად დაისჯებიან. ეს არის ჩემი სიტყვა,"-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.