20 ნოემბერი 2024,   11:36
ვრცლად
,,პირველადი ჯანდაცვა რა თქმა უნდა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, მაგრამ არა ჩავარდნა“-სერგეენკო აკაკი ზოიძის კრიტიკას პასუხობს

პირველად ჯანდაცვასთან დაკავშირებით ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის კრიტიკას მინისტრი დავით სერგეენკო არ იზიარებს. თუმცა მინისტრი აცხადებს, რომ პირველადი ჯანდაცვა უწყების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.

პროგრამებში ცვლილებების საჭიროებაზე საუბრობს მინისტრის მოადგილე, ზაზა სოფრომაძეც. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ გუშინდელ სხდომაზე სისტემაში ყველაზე დიდ ჩავარდნად სწორედ პირველადი ჯანდაცვა დაასახელა.

აკაკი ზოიძის თქმით, არც ერთ განვითარებულ ქვეყანაში პირველად ჯანდაცვაზე მხოლოდ ცენტრალური ხელისუფლება არ ზრუნავს და ამ მიმართულებით ერთობლივი მუშაობის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

,,მოდი პირდაპირ ვთქვათ, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. დღეს ყველაზე დიდი ჩავარდნა ჯანდაცვის სისტემაში არის პირველადი ჯანდაცვა“- განაცხადა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ.

მინისტრის თქმით, აკაკი ზოიძეს პრობლემაზე საუბრისას ,,თავისებური სიტყვათა წყობა აქვს“.

,,კაკის თავისებური სიტყვათა წყობა აქვს, როგორ გამოხატოს ჯანდაცვაში ესა თუ ის გამოწვევა, მე არ ვარ ამ დარგის სპეციალისტი ჯანდაცვის სპეციალისტი ვარ და ვიტყვი, რომ პირველადი ჯანდაცვა რა თქმა უნდა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის, მაგრამ არა ჩავარდნა“- განაცხადა სერგეენკომ.

დღის ამბები