ცხინვალში საქართველოს მოქალაქის მოკვლას და ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ვითარებას ეუთოს გენერალური მდივანი გამოეხმაურა. თომას გრემინგერმა ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატის გამოყენებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ყველაფერს გააკეთებს ჟენევის პროცესის მხარდასაჭერად.
„გვაქვს ინციდენტების თავიდან აცილების მექანიზმი სამხრეთ ოსეთშიც და აფხაზეთშიც. ბევრი რამ არის დამოკიდებული კონფლიქტის გაკონტროლებაზე, რომ მოვლენები ხელიდან არ გაგვექცეს. თუმცა, კონფლიქტის მოგვარებასთან ახლოს ვერ მივდივართ, რითიც კმაყოფილი ნამდვილად არ ვართ. როგორც ეუთოს გენერალური მდივანი, ყველაფერს გავაკეთებ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის მხარდასაჭერად,“ - განაცხადა თომას გრემინგერმა.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პირველი გენერალური მდივანი, სპენსერ ოლივერი ქართულ მხარეს მოუწოდებს, შეინარჩუნოს ამ საკითხთან დაკავშირებით საერთაშორისო ყურადღება და განაგრძოს დასავლეთის ინფორმირება.
„ვფიქრობ, უნდა გაგრძელდეს საზოგადოების ყურადღების მობილიზება იმაზე, თუ როგორ ირღვევა საერთაშორისო კანონმდებლობა. საქართველო სწორი გზით მიდის, როდესაც ამხელს ამ უკანონობას და ყურადღებას ამახვილებს საქართველოს იმ მოქალაქეების უფლებების დარღვევის ფაქტებზე, რომლებიც სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ცხოვრობდნენ. უნდა იყოს შენარჩუნებული სიფხიზლე და შეუპოვრობა,“ - აცხადებს სპენსერ ოლივერი.
ეუთოს გენერალური მდივნის საჯარო გამოსვლას ვაშინგტონში დღეს რუსეთის ელჩი შეერთებულ შტატებში ანატოლი ანტონოვიც ესწრებოდა, რომელმაც სექტემბერში ამ თანამდებობაზე სერგეი კისლიაკი შეცვალა. რუსეთის ელჩმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული კრიზისული მდგომარეობის შესახებ კომენტარის გაკეთება არ ისურვა.