„რეზოლუციას აქვს აბსოლუტურად პოლიტიკური დატვირთვა და ეს მიზანი, ჩვენი რეზოლუციით იქნება მიღწეული,“ - ეს განცხადება, პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების” წევრმა, კობა ნარჩემაშვილმა პარლამენტში რუსეთის წინააღმდეგ ორი რეზოლუციის შესვლასთან დაკავშირებით გააკეთა.
არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემაზე საოკუპაციო რეჟიმი ჯერ კიდევ უარს ამბობს, რის გამოც, პარლამენტში რუსეთის წინააღმდეგ ორი რეზოლუცია შევიდა.
კობა ნარჩემაშვილის თქმით, ოპოზიციამ რეზოლუციაში არარეალიზებადი მიზნები არ უნდა ჩაწეროს.
„რამდენად რეალიზებადია რეზოლუცია, ეს არის მნიშვნელოვანი. რეზოლუციას აქვს აბსოლუტურად პოლიტიკური დატვირთვა და ეს მიზანი ჩვენი რეზოლუციით იქნება მიღწეული, მე ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. ხოლო, თუ ოპოზიციას უნდა, ეს პოლიტიკური მანიპულირებისთვის გამოიყენოს და მასში ჩაწეროს ის, რაც არარეალიზებადი იქნება, მე ამას ვერ დავეთანხმები,“ - განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.
პარლამენტში შესული რეზოლუციებით „ქართული ოცნება“ საერთაშორისო გამოძიების დაწყებას და ოკუპირებულ ტერიტორიებზე დამკვირვებლების დაშვებას ითხოვს. „ევროპული საქართველო“ კი ოკუპანტებისთვის სანქციების დაწესებას და ე.წ.-ული ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შედგენას.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის თქმით, უმრავლესობა თავის რეზოლუციას მხარს დაუჭერს. თუმცა, სესიაშვილი, ასევე, აღნიშნავს, რომ საინტერესო შემოთავაზების შემთხვევაში ოპოზიციის წინადადებებსაც განიხილავენ.