„იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება კონკრეტული ნაბიჯები გადადგმული ამ პირების მიმართ, რომლებიც ჩართულნი არიან ჩვენი მოქალაქეების მკვლელობაში, მაშინ გამოვა, რომ ჩვენი მხრიდან რუსეთს ეს ყველაფერი შერჩება,“ - ეს განცხადება, პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” მდივანმა, გიორგი კანდელაკმა პარლამენტში რუსეთის წინააღმდეგ რეზოლუციის შეტანასთან დაკავშირებით გააკეთა.
გიორგი კანდელაკი განმარტავს, რომ თუ ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია არ შედგება, მომავალში არ იქნება რაიმე მექანიზმი, რითაც ოკუპანტები მსგავსი ქმედებებისგან თავს შეიკავებენ.
„იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება კონკრეტული ნაბიჯები გადადგმული ამ პირების მიმართ, რომლებიც ჩართულნი არიან ჩვენი მოქალაქეების მკვლელობაში, მაშინ გამოვა, რომ ჩვენი მხრიდან რუსეთს ეს ყველაფერი შერჩება, რეალურად, და მომავალშიც არანაირი შემაკავებელი ფაქტორი საოკუპაციო ძალებს, რომ ჩაიდინონ მსგავსი დანაშაულებები, არ ექნებათ,“ - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.
გიორგი კანდელაკის განცხადებით, სანქციები უნდა დაწესდეს იმ პირების მიმართ, რომლებიც საქართველოს მოქალაქეების მიმართ რაიმე სახის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას ჩაიდენენ.
„იმის გათვალისწინებით, რომ დღეს მსგავსი ინიციატივებისთვის არის ხელსაყრელი საერთაშორისო პოლიტიკური კონიუნქტურა, იმ პირების მიმართ, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად არიან გარეულნი რაიმე ფორმით ჩვენი მოქალაქეების მკვლელობაში ან მათ წინააღმდეგ მართლსაწინააღმდეგო ქმედებებში, ამ პირების მიმართ გატარდეს კონკრეტული სანქციები, იქნება ეს გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა, საბანკო ტრანზაქციების განხორციელების შეზღუდვა,“ - განაცხადა კანდელაკმა.