„ცოტა უცნაურია, რომ 10 დღეზე მეტი არის გასული და ჯერჯერობით, საზოგადოებას ასეთ მნიშვნელოვან საქმეზე, არ ვიცით, საერთოდ, გამოძიება არის თუ არა დაწყებული,“ - ეს განცხადება, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში, კახა კოჟორიძემ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის სკანდალური განცხადების შეფასებისას გააკეთა.
რამდენიმე დღის წინ ირაკლი შავაძემ დავით მამისეიშვილი სასამართლო გადაწყვეტილებებზე ზეწოლის მცდელობაში დაადანაშაულა.
კახა კოჟორიძე შავაძე-მამისეიშვილის დაპირისპირებასთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებებს დაინტერესებისკენ მოუწოდებს.
„რაზეც შავაძე საუბრობს იმდენად მნიშვნელოვანი დარღვევებია, რომ ის შეიცავს კონსტიტუციის და ასევე, სისხლის სამართლის კოდექსის მუხლების დარღვევის ნიშნებს და შესაბამისად, დანაშაულის ნიშნებს,“ - განაცხადა კოჟორიძემ.
ირაკლი შავაძე სკანდალური განცხადებების შემდეგ საკუთარი პოზიციების დაცვას იუსტიციის საბჭოს წევრებთან შეეცდება. სხდომაზე მისვლას გეგმავს ბრალდებების ადრესატი ბათუმის საქალაქო სასამართლოს ხელმძღვანელი დავით მამისეიშვილიც.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე, სულხან სალაძე აღნიშნავს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე შეხვედრა უმჯობესი იქნებოდა, ღია ყოფილიყო.
„უკიდურეს შემთხვევაში, ალბათ, მისასალმებელი იქნება, თუკი, ეს დახურული შეხვედრა იქნება, მოხდება სრული ვიდეო ჩაწერა და შემდგომში თუნდაც განთავსება, ვინაიდან, არაფერი განსაკუთრებული ჩვენ ამ პროცესიდან არ გაგვიგია, უბრალოდ, აქ საქმე ეხება იმას, რომ სისტემის შიგნით არსებული მოსამართლე საუბრობს პრობლემებზე,“ - განაცხადა სულხან სალაძემ.