20 ნოემბერი 2024,   11:22
ვრცლად
მამისეიშვილი და შავაძე დაპირისპირების გამომწვევ მიზეზებზე საუბრობენ 

„მისთვის მიუღებელი იყო ის, რომ უზენაეს სასამართლოში მუშაობდნენ ის მოსამართლეები, რომლებიც წინა ხელისუფლების პერიოდში მუშაობდნენ და მისთვის მიუღებელი იყო ის პრაქტიკა, რასაც ხსენებული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები ადგენდნენ საერთო სასამართლოებისთვის,“ - ასე ხსნის ბათუმის საქალაქო სასამართლოს ხელმძღვანელი, დავით მამისეიშვილი ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ირაკლი შავაძის მიერ მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს.

დავით მამისეიშვილის თქმით, მხოლოდ ორი თვის განმავლობაში ეკონტაქტებოდა შავაძეს, თუმცა, არცერთ საქმესთან დაკავშირებით არ უმსჯელიათ.

მამისეიშვილ ამბობს, რომ მას ევალებოდა ამ რეკომენდაციების გაცნობა ყველა მოსამართლისთვის.

„ბატონმა შავაძემ ძალიან კარგად იცის, რომ ბატონ ართმელაძის საქმესთან დაკავშირებით მე დამიპირისპირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, ბატონი ახვლედიანი და ბატონი შავაძისთვის კარგად იყო ცნობილი, რომ თუკი ამ საქმეს გამოიყენებდა ჩემ წინააღმდეგ, ეს თითქოსდა საზოგადოებას აფიქრებინებდა, რომ შესაძლებელია, ნამდვილად ასე იყო. ეს არის მტკნარი სიცრუე, მე მასთან კომუნიკაცია გავწყვიტე იქიდან გამომდინარე, რომ მან უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა, რომ მას არ სურდა ამ პრაქტიკის გაზიარება,“ - განაცხადა მამისეიშვილმა.

მამისეიშვილის განცხადებებს საქალაქო სასამართლოს მოსოამართლე ირაკლი შავაძემ უპასუხა. მოსამართლე აცხადებს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს ხელმძღვანელის გაბრაზება ზაზა ართმელაძის აღკვეთის ღონისძიების შეცვლამ გამოიწვია.

„მე პირადად, ვიძახი, რომ 2016 წლის 21 აპრილს შევცვალე აღკვეთის ღონისძიება, 2016 წლის 22 აპრილს მან დამისვა კითხვა - ვინ მთხოვა მე აღკვეთის ღონისძიების შეცვლის, მე ვუთხარი არავის. 2016 წლის 23 აპრილს როცა მე მას მივესალმე მან გამარჯობა არ მითხრა, ვიფიქრე, რო ვერ გაიგო. 2016 წლის 24 აპრილს, როცა კვლავ მივესალმე, მითხრა, რომ მე ვიქნებოდი მარტო გარიყული კოლექტივისგან და დაიწყო ის ყველაფერი, რაც დაიწყო,“ - განაცხადა შავაძემ.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი აღნიშნავს, რომ აღნიშნული შეხვედრის ინიციატორი თავად იყო. ჯანეზაშვილის თქმით, აუცილებელია, რომ საბჭოს წევრებმა აღნიშნული დაპირისპირება უფრო დეტალურად შეისწავლონ.

მამისეიშვილი და შავაძე ამ წუთებში იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იმყოფებიან და რამდენიმე წუთში დაიწყება საბჭოს ფორმატში მათი შეხვედრა. სხდომა სავარაუდოდ, დახურული იქნება, თუმცა, საბჭოს წევრებს კონკრეტული გადაწყვეტილება სხდომის დახურვასთან დაკავშირებით არ აქვს მიღებული.

დღის ამბები