საგანგებო კონსულტაციები თვითმართველობის კომიტეტში - კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ „ევროპულ საქართველოსთან“ ერთად ბორჯომის საკრებულოში განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით იმსჯელა.
საპარლამენტო უმცირესობა ითხოვს, რომ კომიტეტმა პროცესებზე რეაგირება მოახდინოს და საგანგებო განცხადება მიიღოს.
„პარლამენტმა ბორჯომში განვითარებული მოვლენების მკაფიო პოლიტიკური შეფასება უნდა გააკეთოს, მკაცრად დაგმოს ის ძალადობა, რომელსაც ადგილი ჰქონდა ადგილობრივი პოლიტიკური ჯგუფის მხრიდან და მოუწოდოს პოლიციას, რომ ეფექტური ნაბიჯები გადადგას იმ ინციდენტის გამოსაძიებლად, ყოველგვარი ორაზროვნების და ინტერპრეტაციის საშუალების გარეშე,“- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ოთარ კახიძემ.
საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ „ევროპული საქართველოს“ მიერ დასმულ საკითხებზე მსჯელობას მმართველი გუნდი აპირებს.
„რა თქმა უნდა, ყველაფერში ვერ ვთანხმდებით, არსებობს განსხვავებული მოსაზრებები, თუმცა კონსულტაციაზე მათ მიერ დასმულ საკითხებზე ვაპირებთ ფიქრს, მსჯელობას. ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რამდენად არის შესაძლებელი, რომ მომზადდეს განცხადება,“- განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ.
შეგახსენებთ, რომ ვითარება ბორჯომში მას შემდეგ დაიძაბა, რაც ბორჯომის მერიის თანამშრომლების მიერ ხელფასების გაზრდის მოთხოვნას, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან პროტესტი მოჰყვა.