თვითმმართველობის კომიტეტში საგანგებოდ გამართულ კონსულტაციებზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე, ზაზა გაბუნია და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მიწვევა „ნაციონალურ მოძრაობას“ არ მიუღია. ენმ-ის წევრი, სალომე სამადაშვილი შეხვედრაზე მივიდა, თუმცა მალევე ის პროტესტის ნიშნად დატოვა.
შეხვედრაზე ბორჯომის საკრებულოში განვითარებულ მოვლენებს განიხილავდნენ, სადაც სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ბორჯომის მერიის თანამშრომლების მიერ ხელფასების გაზრდის მოთხოვნას მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან პროტესტი მოჰყვა.
„კონსულტაციების ბატონმა გაბუნიამ დაიწყო საუბარი ისევ ოპოზიციის პასუხისმგებლობაზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ფაქტობრივად, დაადანაშაულა იმაში, რომ მათი სახელმწიფო მოხელეები ცდილობენ, დემოკრატიული პროცედურის დარღვევით და ძალადობით აიძულონ ადგილობრივი საკრებულო, რომ გაიზარდონ ხელფასები. ეს არის ისეთი აბსურდული მოცემულობა, რომ ვერანაირ არსს ამ კონსულტაციებში მონაწილეობის ვერ ვხედავ. უნდა კითხოთ „ევროპულ საქართველოს,“ რა მოტივაცია ჰქონდა მათ ინიციატივას, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ, რომ მონაწილეობა მივიღოთ რაღაც დადგმულ სპექტაკლში. მოვითხოვთ, რომ დაუყოვნებლივ გადადგნენ ის თანამდებობის პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან იმაზე, რაც მოხდა,“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა.
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ „ნაციონალური მოძრაობა“ დესტრუქციულ ქმედებაში დაადანაშაულა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია ისევე როგორც გუშინდელ კომიტეტის სხდომაზე, დღესაც უაღრესად დესტრუქციულად მოიქცა და იქ, სადაც საქმიანი განხილვებია, მან ჩათვალა, რომ მისი ადგილი არ არის და ამიტომ სხდომა დატოვა,“- განაცხადა ზაზა გაბუნიამ.