20 ნოემბერი 2024,   11:23
ვრცლად
ურთიერთბრალდებები და ხმაური იუსტიციის საბჭოს სხდომაზე - ირაკლი შავაძე მამისეიშვილის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი მოსამართლის ხმაურიანი დაპირისპირების გარჩევა დღეს უშედეგოდ დასრულდა. იუსტიციის საბჭოს ირაკლი შავაძის და დავით მამისეიშვილის ურთიერთბრალდებების მოსმენის შემდეგ, გადაწყვეტილება არ მიუღია.

ირაკლი შავაძე დავით მამისეიშვილს ბრალს ზეწოლასა და მის დამოუკიდებლობაში ჩარევის გამო სდებს. შავაძემ დღეს, საბჭოს წევრებთან კონკრეტულ საქმეებზეც ისაუბრა და მოუყვა თუ, როგორ მიუთითა სასამართლოს თავმჯდომარემ, პირადი ინტერესის გამო, ერთ-ერთი ბრალდებული წინასწარ პატიმრობაში დაეტოვებინა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ორი მოსამართლე დღეს ერთმანეთს სასამართლოს რეპუტაციის შელახვაში ადანაშაულებდა. სასამართლოს თავმჯდომარე კოლეგის ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს და ირაკლი შავაძეს ბრალდებით პასუხობს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დღეს არც იუსტიციის საბჭოს კრიტიკას მორიდებია. ის მოსამართლე წევრების გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა, რომლებმაც მის უვადოდო გამწესებას მხარი არ დაუჭირეს. ამ ბრალდების გამო, საბჭოს წევრებმა მას გასაუბრების ოქმის გასაჯაროებისკენ მოუწოდეს, რასაც შეხვედრაზე ხმაური მოჰყვა.

იუსტიციის საბჭოს წევრები დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და დეტალების გასარკვევად ბათუმში ჩასვლას გეგმავენ.

ჯერჯერობით, უცნობია, დაიწყება თუ არა დისციპლინური სამართალწარმოება ირაკლი შავაძის ან დავით მამისეიშვილის წინააღმდეგ.

შეხვედრას დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მათი ნაწილი, გამოძიების დაწყებას მოითხოვს.

ირაკლი შავაძე კი საკუთარი ინტერესების დაცვას სასამართლოშივე გეგმავს და სარჩელს ამზადებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები