საქართველოს პარლამენტი რუსეთის წინააღმდეგ რეზოლუციის პროექტებზე იმსჯელებს. „ქართული ოცნების“ და „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებული დოკუმენტები ორშაბათის ბიუროს სხდომაზე ოფიციალურად დარეგისტრირდება.
„ევროპული საქართველო“ უმრავლესობის გადაწყვეტილებას ელოდება. უმცირესობა მმართველ პარტიისგან ითხოვს, რომ რეზოლუციას საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელთა წინააღდეგ სანქციების პუნქტი ჩაემატოს.
თუ მმართველი პარტია რეზოლუციას სანქციების ნაწილს არ დაამატებს, ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ასეთი დოკუმენტის მიღება არაეფექტური იქნება.
ამჟამად პარლამენტში ორი რეზოლუციაა დარეგისტრირებული, საპარალამენტო უმცირესობის პროექტი უფრო მწვავეა და სანქციების ნაწილსაც შეიცავს, უმრავლესობა კი პროექტში ოკუპირებულ ტერიტორიაზე საერთაშორისო დამკვირვებლების დაშვებას ითხოვს. არ არის გამორიცხული, მოლაპარაკებების შედეგად პარლამენტში პოლიტიკური ჯგუფები ერთი დოკუმენტის მიღებაზე შეთანხმდნენ.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ კი მიაჩნიათ, რომ ახლა მნიშვნელოვანია პარლამენტმა მწვავე რეზოლუცია მიიღოს და მას საერთაშორისო მხარდაჭერა ჰქონდეს.
„პატრიოტთა ალიანსი“ კი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების აზრს ვერ ხედავს.
საქართველოს პარლამენტის რეზოლუციასთან ერთად, დეპუტატები ევროპარლამენტის რეზოლუციას ელოდებიან. საგაზაფხულო სესიაზე საქართველოს ოკუპაციის 10 წლისთავზე ახალი დოკუმენტი უნდა დაამტკიცონ.