„ოპოზიციამ, პრაქტიკულად, საკუთარი მანდატები გამოიყენა იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტის ბლოკირება მოეხდინა და ამ გზით, გარკვეული პოლიტიკური დღის წესრიგი გაეტარებინა,“ - ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრმა, არჩილ თალაკვაძემ ბორჯომში განვითარებული მოვლენების შეფასებისას გააკეთა.
დღეს თვითმართველობის კომიტეტში საგანგებო კონსულტაციები გაიმართა. კომიტეტის თავმჯდომარემ „ევროპულ საქართველოსთან“ ერთად ბორჯომში განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით იმსჯელა.
„ჩვენი პრიორიტეტი არის სწორედ ის, რომ მოქალაქეებმა მიიღონ საჯარო სერვისები და საჯარო მოხელეებმა მიიღონ დროულად ის ანაზღაურება და შესაძლებლობა საქმიანობის, რომელიც მათ კანონით ეკუთვნით,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
სხდომაზე მიწვევა არ მიუღიათ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს, თუმცა, პარტიის ერთ-ერთი წევრი, სალომე სამადაშვილი შეხვედრაზე მაინც მივიდა და მალევე პროტესტის ნიშნად დატოვა.
ბორჯომის საკრებულოში რამდენიმე დღის წინ სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ბორჯომის მერიის თანამშრომლების მიერ ხელფასების გაზრდის მოთხოვნას მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან პროტესტი მოჰყვა.