„დანაშაულზე საუბრობს და დანაშაულზე გამოძიებას ვერ აწარმოებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო,“ - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში, კახა კოჟორიძემ მოსამართლეების, ირაკლი შავაძის და დავით მამისეიშვილის დაპირისპირების შეფასებისას გააკეთა.
გუშინ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორივე მოსამართლეს მოუსმინეს, თუმცა, კონკრეტული გადაწყვეტილება ვერ მიიღეს. ირაკლი შავაძე მამისეიშვილს უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებს, რასაც მამისეიშვილი უარყოფს.
კახა კოჟორიძე აღნიშნულ ბრალდებაში სისხლის სამართლის დანაშაულს ხედავს და გამოძიების დაწყვების აუცილებლობაზე საუბრობს.
„გუშინ ჩვენ ხაზი გავუსვით, რომ გასაგებია, საბჭო ამ საკითხზე მსჯელობს, მაგრამ საბჭო არ არის საგამოძიებო ორგანო, საბჭო იმსჯელებს დისციპლინური გადაცდომების ფარგლებში, მაგრამ მხოლოდ საბჭოს მსჯელობა არ არის საკმარისი, იმიტომ, რომ მოქმედი მოსამართლე საუბრობს ისეთ დარღვევებზე, რომელიც თავის არსში ეწინააღმდეგება კონსტიტუციის პრინციპებს და სისხლის სამართლის ნორმებს, ანუ დანაშაულზე საუბრობს და დანაშაულზე გამოძიებას ვერ აწარმოებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო,“ - განაცხადა კოჟორიძემ.