მნიშვნელოვანი გამოწვევაა რეგიონებს შორის უთანასწორობის პრობლემის აღმოფხვრა - ეს განცხადება, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში გააკეთა.
დღეს მთავრობის წევრებმა პარლამენტში თვითმმართველობისა და დეცენტრალიზაციის ახალი კონცეფცია წარადგინეს.
პრემიერ-მინისტრის თქმით, რეგიონებში არსებული უთანასწორო მდგომარეობების გამო ბევრი ადამიანი ტოვებს სოფელს და მისი თქმით, მნიშვნელოვანია ამ პრობლემის მოგვარება.
კვირიკაშვილის განცხადებით, მთავრობის პრიორიტეტია რეგიონებში ცხოვრების დონის უთანასწორობის აღმოფხვრა.
სიტყვით გამოსვლისას გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ამის აღმოსაფხვრელად ბრძოლა 2014 წელს, თვითმმართველობის კოდექსის მიღებით დაიწყო.
დღეს კი პარლამენტში პრემიერმინისტრმა საშუალოვადიანი გეგმა წარადგინა, რაც თვითმმართველობის განვითარებას უზრუნველყოფს.
პრემიერის განცხადებით, დეცენტრალიზაციის გეგმა სამ დონეს მოიცავს.
„პირველი, ეს არის თვითმმართველობის უფლებამოსილებების გაფართოება, მეორე, ეს გახლავთ, თვითმმართველობას მეტი ეფექტიანობისთვის, რა თქმა უნდა, ჰქონდეს მეტი ფინანსური რესურსი, ამ ფინანსური რესურსის თანდათანობით გადანაწილებას თვითმმართველობის მიმართულებით და მესამე, თვითმმართველობა უნდა აკმაყოფილებდეს გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების უმაღლეს სტანდარტებს,“ - განაცხადა პრემიერმა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ რეფორმის განხორციელებისთვის სამოქალაქო სექტორის ჩართულობა აუცილებელია. კვირიკაშვილის თქმით, აღნიშნულ რეფორმაში პარლამენტს უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია.