20 ნოემბერი 2024,   11:25
ვრცლად
რუსული აგრესია და საქართველოს მოქალაქეთა სიცოცხლის ხელყოფა - ბიუროს სხდომაზე რეზოლუციის ორი პროექტი შევა

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში საოკუპაციო რეჟიმისა და რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებული რეზოლუციის ორი სხვადასხვა პროექტი დღეს შევა.

მმართველი გუნდის მიერ მომზადებული ვერსია არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვისა და გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს.

„ევროპული საქართველო“ კი ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის დაწესებას ითხოვს, რომელმაც საოკუპაციო რეჟიმის კონკრეტულ წარმომადგენლებს საერთაშორისო სანქციები უნდა დაუწესოს.

საკუთარი შესწორებები ექნება „ნაციონალურ მოძრაობასაც“.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე აღნიშნავს, რომ რეზოლუციაში არჩილ ტატუნაშვილის საქმე მკაცრად არის ასახული. კილაძის თქმით, მეორე რეზოლუციასაც სესიის და კომიტეტების ფარგლებში განიხილავენ.

„მივმართავთ საერთაშორისო საზოგადოებას, რომ კიდევ უფრო მეტად გააძლიერონ ძალისხმევა იმისთვის, რომ ადამიანის უფლებების და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმები იქნას დაშვებული ოკუპირებულ ტერიტორიებზე,“ - განაცხადა კილაძემ.

პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილე, სალომე სამადაშვილის თქმით, რუსეთთან ორმხრივი მოლაპარაკებები უნდა შეწყდეს მანამ, სანამ სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა მიეცნენ ოთხოზორიას და ტატუნაშვილის მკვლელები.

სამადაშვილის განცხადებით, კარასინი-აბაშიძის მოლაპარაკებების ფორმატი ამ მკვლელობების საქმეების გახსნის შემდეგ ახლებურად წარიმართოს.

პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ მდივანი, გიორგი კანდელაკი აღნიშნავს, რომ ევროპარლამენტი მხარს უჭერს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შედგენას.

დღის ამბები