საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერების განცხადებით, ოკუპირებული ცხინვალის ციხეში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს, სავარაუდოდ, ძალიან მალე გადმოასვენებენ.
მმართველი გუნდის დეპუტატები აცხადებენ, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა ცხედარი ოჯახს გადაეცეს.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის თქმით, საქმის კურსშია ჩაყენებული ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, მოლაპარაკებებში ჩართულია წითელი ჯვარიც.
,,ხელისუფლება აბსოლუტურად ყველაფერს აკეთებს და ყველა მექანიზმს იყენებს იმისთვის, რომ დროულად მოხდეს ცხედრის გადმოსვენება. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ეს უახლოეს ხანებში მოხდება.
ჩართულია მათ შორის წითელი ჯვრის საზოგადოება, რისთვისაც დიდი მადლობა,“-აცხადებს სესიაშვილი.
პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ყველა საერთაშორისო ბერკეტი გამოყენებულია, ხელისუფლების გარდა, საქმეში საპატრიარქოს ჩაერთო, რაც მისი აზრით, დააჩქარებს გადმოსვენების პროცესს.
,,ყველა საერთაშორისო ბერკეტი იქნა გამოყენებული რომ ეს საკითხი მოგვარებულიყო.
უახლოეს პერიოდში ველოდებით ტატუნაშვილი გადმოსვენებას, ამაში ჩარეული იყო ყველა სახელმწიფო ორგანო, ამაში ჩაერია საპატრიარქოც, ამიტომ ველოდებით, ძალიან მალე ველოდებით პოზიტიურ შედეგს,“-განაცხადა მდინარაძემ.