„ეს ნათლად გვაჩვენებს, თუ როგორ ხდება გადაწყვეტილებების ფორმირება ამ ქვეყანაში, რა ფიგურებს არჩევენ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში,“ - ეს განცხადება, პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” თავმჯდომარემ, ოთარ კახიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელსა და მმართველ გუნდს შორის გამართულ კონსულტაციების შეფასებისას გააკეთა.
"პოსტ სკრიპტუმში" გასული სიუჟეტიდან ირკვევა, რომ მთავრობის მოქმედი და ყოფილი წევრები, კახა ბექაური, მაკო ბიგვავა და ლაშა ნაცვლიშვილი მაუწყებლის დირექტორთან, ვასილ მაღლაფერიძესთან ერთად განიხილავენ ვინ უნდა შევიდეს მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში.
ოთარ კახიძის თქმით, 26 იანვარს თბილისი ერთ-ერთ რესტორანში საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი, მაღლაფერიძე შეხვდა კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარეს და მთავარი პროკურორის ყოფილ პირველ მოადგილეს, ლაშა ნაცვლიშვილს და კიდევ რამდენიმე მაღალჩინოსანს.
„ისინი განიხილავდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ბატონი ზაზა შათირიშვილის არჩევის საკითხს. მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორს ვასილ მაღლაფერიძეს აქვს პირდაპირი ინტერესთა კონფლიქტი, ვინაიდან ეს ფიგურა ექვემდებარება კონტროლს სწორედ სამეურვეო საბჭოს მხრიდან და მას არ აქვს უფლება, შეარჩიოს სამეურვეო საბჭოს წევრები,“ - განაცხადა კახიძემ.
ოთარ კახიძემ აღნიშნა, რომ ხელისუფლება ანტიდასავლური შეხედულებების მქონე პირის, შათირიშვილის საბჭოში მოხვედრას ლობირებს. კახიძე ასევე, აღნიშნავს, რომ შათირიშვილი ბიძინა ივანიშვილსაც უჭერს მხარს.