20 ნოემბერი 2024,   11:22
ვრცლად
ცვლილება საერთო სასამართლოების შესახებ კანონში - უვადოდ გამწესებაზე უარის შემთხვევაში, მოსამართლეები კანდიდატურას სამი თვის შემდეგ დააყენებენ

ცვლილება საერთო სასამართლოების შესახებ კანონში - მოსამართლეებს, რომლებსაც უვადოდ გამწესებაზე უარი ეთქვათ, სამი თვის გასვლის შემდეგ კვლავ მიეცემათ შესაძლებლობა საბჭოს წინაშე წარდგენის.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრის, დიმიტრი გვრიტიშვილის ინიციატივაზე საბჭოს წევრებმა იმსჯელეს, თუმცა საკითხის დამტკიცება 17:00 საათამდე გადაიდო.

ინიციატივის მიხედვით, მოსამართლეებს, რომლებსაც უარი ეთქვათ უვადოდ გამწესებაზე, სამთვიანი პერიოდის გასვლის შემდეგ კვლავ შეეძლებათ საკუთარი კანდიდატურის დასახელება.

იუსტიციის არამოსამართლე წევრებს ამ ცვლილების მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვთ. გვრიტიშვილის კანონპროექტთან კითხვები აქვთ საბჭოს არამოსამართლე წევრებს.

მათი თქმით, აუცილებელია საბჭოს გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დასაბუთების ვალდებულება ჰქონდეს და ასევე, კონკრეტული მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის დროს, საბჭომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები გაითვალისწინოს.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ანა დოლიძე აღნიშნავს, რომ გვრიტიშვილის წინადადება კომპლექსურ მიდგომასთან ერთად უნდა გაითვალისწინონ.

„მათ შორის, დასაბუთება იმ შემთხვევაში თუ მოსამართლეს ეთქმევა უარი, გასაჩივრების პროცედურა, საჯაროობა, ეს ყველა ინსტრუმენტი უნდა იყოს გათვალისწინებული, თუ ჩვენ საერთოდ დავტოვებთ უვადო დანიშვნებს და დავტოვებთ მათ კითხვის ნიშნების გარეშე,“ - განაცხადა ანა დოლიძემ.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ნაზი ჯანეზაშვილის აღნიშნავს, რომ მოსამართლის უვადოდ დანიშვნაზე უარი თქმის შემთხვევაში, ის უდნა დაუბრუნდეს გამოსაცდელ 3-წლიან რეჟიმს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ იურისტი, ოლიკო შერმადინი აცხადებს, რომ მოსამართლეთა უვადოდ გამწესების მარეგულირებელი კანონმდებლობა არის მთლიანად დასახვეწი.

ცვლილება საბოლოოდ დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნება.

დღის ამბები