„როცა ჩვენ 9-კაციან შემადგენლობაში ძალიან დიდი ნაწილი განვსაზღვრეთ ისე, რომ ოპოზიციას მივეცით მათი წარმოდგენის საშუალება, დაინტერესებაზეც თქვენ იმსჯელეთ,“ - ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ მაღლაფერიძე-ბექაურის შეხვედრასთან დაკავშირებით გააკეთა.
გადაცემა P.S.-ში გასული სიუჟეტიდან ირკვევა, რომ მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ახალი და ხელისუფლებისათვის სასურველი წევრების შერჩევაში აქტიურად არიან ჩართული კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე, „ქართული ოცნების“ PR სამსახურის უფროსი და ასევე ყოფილი გენერალური პროკურორი.
მამუკა მდინარაძე აღნიშნავს, რომ სიუჟეტი არ უნახავს.
„ფოტო ერთი და დანარჩენი მოყოლილი ამბავი, ახლა ამ მოყოლილ ამბავს, ვიღაც დაუჯერებს, ვიღაც არ დაუჯერებს. არადა პროცესი არის გამჭვირვალე, ერთი მხრივ, კომისია არის შექმნილი, სადაც ოპოზიციის მიერ წარდგენილი კანდიდატები შევიყვანეთ და დავამტკიცეთ, ამ კომისიამ უნდა განიხილოს ჯერ, შემდეგ პარლამენტს უნდა წარუდგინოს კომისიამ 3-3 კანდიდატი თითო ვაკანსიაზე, ამის შემდეგ პარლამენტმა უნდა განიხილოს და რამდენად რეალური უნდა იყოს ეს ამბავი, თქვენ განსაჯეთ,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ინფორმაციას არ ფლობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეც. გიორგი ვოლსკის თქმით, ის გავრცელებულ ფოტოსა და ინფორმაციასთან დაკავშირებით საქმის კურსში არ არის.
ვოლსკი აღნიშნავს, რომ მისთვის მნიშვნელოვანია ის პრინციპები, რომელთა დანერგვაც საზოგადოებრივ მაუწყებელში მმართველ გუნდს სურს.