ბიუროს სხდომაზე დღეს საოკუპაციო რეჟიმის ქმედებებთან დაკავშირებული რეზოლუციის ორი სხვადსხვა პროექტი დარეგისტრირდა. ერთი "ქართული ოცნების“ წევრებს ეკუთვნის, ხოლო მეორე „ევროპულ საქართველოს“.
მმართველი გუნდი მომზადებული რეზოლუციის პროექტით, ტატუნაშვილისა და ოთხოზორიას სიკვდილზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს. „ევროპული საქართველო“ კი დამატებით ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მიღებას ითხოვს.
ფრაქცია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრი დავით ბაქრაძე, უმრავლესობასთან კონსულტაციებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს და აცხადებს, რომ მზად არიან საფუძვლად უმრავლესობის მიერ მომზადებული ვერსია აიღონ, თუმცა იქ გარკვეული პუნქტები უნდა დაემატოს.
„ჩვენ მზად ვართ შევთავაზოთ დამატებითი კომპრომისი უმრავლესობას და ვიმუშაოთ ვერსიაზე, რომ ავიღოთ ერთი რეზოლუცია. ჩვენ მზად ვართ, რომ საფუძვლად ავიღოთ უმრავლესობის მიერ მომზადებული რეზოლუცია და ამ რეზოლუციაში ჩავამატოთ ელემენტი, რომელიც მას აკლია, ეს არის სანქციები და ეს არის ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შექმნა. ეს არის ჩვენი მხრიდან გადადგმული ნაბიჯი, რომლითაც ვცდილობთ, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე შევთანხმდეთ,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
”ქართული ოცნების” წევრი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ რეზოლუციაში ასახულია არჩილ ტატუნაშვილის, ასევე გიგა ოთხოზორიას მკვლელობასთან დაკავშირებით მკაცრი შეფასებები.
„ასევე, არის მოთხოვნილი კონკრეტული ქმედებები. პირველ რიგში, რაც ეხება ცხედრის გადმოცემას ოჯახისთვის, ასევე საფუძვლიანი გამოძიების ჩატარებას და შემდგომ შესაბამის რეაგირებას , რომლის ნაწილიც რა თქმა უნდა შესაძლოა იყოს სანქციებიც. რაც შეეხება ოპოზიციის შემოთავაზებას, ჩვენ ვიმსჯელებთ ამასთან დაკავშირებით, განვიხილავთ რა თქმა უნდა, ძალიან სერიოზულად ნებისმიერ წინადადებას,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ორივე რეზოლუციასთან დაკავშირებით, საკუთარი შესწორებები ექნება „ნაციონალურ მოძრაობასაც“.
„უმრავლესობის მიერ რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით გვაქვს ჩვენ შენიშვნები, შესწორებები. ეს შესწორებები გამოქვეყნდება და ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ იგი შევიდეს როგორც ერთ, ასევე მეორე რეზოლუციაში. საქართველოს პოზიცია უნდა იყოს მკაცრი, უნდა შეუერთდეს იგი საერთაშორისო სანქციებს, მთავრობას უნდა მოვთხოვოთ, რომ იგი იყოს იმ სანქციების მონაწილე რომელსაც უკრაინის ხელისუფლებაც კი გვთავაზობდა. გარდა ამისა, სანამ არ იქნება გამოძიებული ეს პროცესები, ჩვენ მოვითხოვთ, რომ შეწყდეს კარასინი-აბაშიძის ფორმატში ურთიერთობა,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.