მაუწყებლის ირგვლივ აგორებული ახალი სკანდალი, პარლამენტში დაპირისპირების მიზეზი გახდა.
საუბარია P.S-ში გასულ სიუჟეტზე, საიდანაც ირკვევა, რომ სამეურვეო საბჭოში ხელისუფლებისათვის სასურველი წევრების შერჩევაში აქტიურად არიან ჩართული კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე, "ქართული ოცნების" PR სამსახურის უფროსი და ასევე ყოფილი გენერალური პროკურორი.
ოპოზიციამ ხელისუფლებისგან ახსნა-განმარტება, ბიუროს სხდომაზე მოითხოვა. საკითხის განხილვას პარლამენტში დაპირისპირება მოჰყვა.
პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, რომან გოცირიძე აცხადებს, რომ საიდუმლო შეხვედრაზე ზაზა შათირიშვილის საბჭოს წევრად დანიშვნა გადაწყვიტეს.
„საზოგადოებრივ მაუწყებელში მივიღებთ მორიგ ყურმოჭრილ წევრს და ეს უწყება ისევ იქნება უმართავი, ფაქტობრივად, საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭო უნდა მართავდეს მის დირექტორატს და პირიქით, მისი დირექტორატი გინიშნავთ პარლამენტს საზოგადოებრივი მაუწყებლის წევრს,“ - განაცხადა გოცირიძემ.
რომან გოცირიძემ აღნიშნა, რომ ოპოზიციამ როგორი კანდიდატიც არ უნდა წარადგინოს, მმართველ გუნდს ყოველთვის აქვს 5 ხმა.
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძემ ოპონენტებს მიმართა და აღნიშნა, რომ წელს ოპოზიციას მიეცა შესაძლებლობა წარედგინა სამეურვეო საბჭოს კანდიდატები.
„ამიტომ ის ამბავი, რომ იგივე ხალხია, არ არის სიმართლე, რბილად რომ ვთქვათ და კორექტულად, მეორე, აუცილებლად უნდა აღნიშნოთ ასეთ დროს, რომ ეს კომისია არათუ ნიშნავს სამეურვეო საბჭოში, არამედ თითოეულ ვაკანსიაზე წარმოადგენს 3-3 კანდიდატს და მერე ჩვენ უნდა ავირჩიოთ,“ - განაცხადა მდინარაძემ.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ მედია სიცრუის გავრცელებაში დაადანაშაულა. კილაძის თქმით, რეფორმების „გაშავება“ მიზანმიმართულად ხდება.
„სირცხვილია, უბრალოდ, იმ ჭორებზე აყოლა, რაც მე მოვისმინე, მაგალითად, „რუსთავი 2“-თან მიმართებით, ანუ ის, რომ რაღაც ფოტო დაიდო და „რუსთავი 2“-ის კომენტარი იმაზე, რომ ამ ფოტოზე არის აღბეჭდილი, თითქოს, საიდუმლო სერობა... მიზანმიმართულად ხდება იმ რეფორმების „გაშავება“, რომელი რეფორმებიც დაიწყო „პირველ არხთან“ დაკავშირებით, “ - განაცხადა კილაძემ.
პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგო რატიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონპროექტი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.
„თქვენი არაჩვეულებრივი რეფორმა ზღუდავდა, პირველი, თავისუფალი მედიის სარეკლამო ბაზარს და მეორე, აჩენდა კორუფციის რისკებს და მესამე, ზღუდავდა, თქვენ მიერ, უმრავლესობით შექმნილი სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილებებს. მთელი ოპოზიცია ვერაფერს ვერ გაუკეთებს საზოგადოებრივ მაუწყებელს ნეგატიურს, ის, რაც თქვენ გააკეთეთ,“ - განაცხადა რატიანმა.