20 ნოემბერი 2024,   11:20
ვრცლად
შეშფოთებული ვართ, რომ თავშესაფრის მაძიებელთა მიერ ჩადენილი დანაშაული გაზრდილია საფრანგეთში - საფრანგეთის ელჩი 

,,შეშფოთებული ვართ, რომ თავშესაფრის მაძიებელთა მიერ ჩადენილი დანაშაული გაზრდილია საფრანგეთში,“-ამის შესახებ საფრანგეთის ელჩმა საქართველოში პასკალ მონიემ განაცხადა.

საფრანგეთის ელჩი საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭების შემდეგ შენგენის წევრ ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების მიერ ჩადენილი დანაშაულის ზრდაზე საუბრობს.

დიპლომატის განცხადებით, საფრანგეთი ამ ეტაპზე არ აყენებს საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საკითხს, რადგან ამით კანონმორჩილი მოქალაქეებიც დაზარალდებიან.

საფრანგეთი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას მოძებნოს ზომები ორგანიზებული დანაშაულის შესაჩერებლად და აკონტროლოს საზღვარი.

,,შეშფოთებული ვართ, რომ თავშესაფრის მაძიებელთა მიერ ჩადენილი დანაშაული გაზრდილია საფრანგეთში. უფრო მეტი მაჩვენებელია გერმანიაში, შვედეთში, ნიდერლანდებში, ავსტრიაში და სხვა ქვეყნებშიც.

როდესაც ვამბობთ რომ ძალიან გაზრდილია, იგულისხმება რომ ზოგჯერ ზრდა 100 პროცენტზე მეტია. შესაძლებელია ქვეყნების ნაწილმა დააყენოს შეჩერების მექანიზმის საკითხი, მაგრამ ამ ეტაპზე საფრანგეთი ამის გაკეთებას არ აპირებს. არ გვინდა, პოლიტიკურად დავსაჯოთ წესიერი ხალხი დამნაშავეების ცუდი საქციელის გამო. ასეთია ჩვენი პრინციპი. შევეცდებით საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად მოვძებნოთ ზომები ორგანიზებული დანაშაულის გასაკონტროლებლად და შესამცირებლად.

საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააკონტროლოს და საზღვარზე არ გაატაროს ის ადამიანები, რომლებიც შენგენის ზონაში მოგზაურობის ნაცვლად დანაშაულის ჩასადენად შედიან. საზღვარზე კონტროლი ადვილი არ არის, მაგრამ ეს უნდა გააკეთოს საქართველომაც და ჩვენმა ქვეყნებმაც",-განაცხადა პასკალ მონიემ.

დღის ამბები