გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალური სამინიტროს წარმომადგენლების საქართველოში ვიზიტს და უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებულ პრობლემებს, პარლამენტის თავმჯდომარე ეხმაურება.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ საჭირო გახდა, საქართველოს პარლამენტი მიიღებს საკანონმდებლო ცვლილებებს, რათა მოხდეს ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში არსებული გართულებებისა და პრობლემების პრევენცია.
,,შეჩერების საკითხი არ განიხილება არცერთი ქვეყნის მხრიდან, რაც შეეხება ზოგადად ჩვენს ხედვას, ჩვენ უნდა მივიღოთ პრევენციული ზომები იმისათვის, რომ არასწორი მიმართულებით არ წარიმართოს პროცესები და ეს მუშაობა უკვე დაწყებულია.
პარლამენტი მზად არის, თუ საჭირო გახდება მიიღოს თუნდაც საკანონმდებლო ცვლილებები, იმისათვის, რომ მოხდეს გართულებების და პრობლემების პრევენცია.
ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ ვიზალიბერალიზაცია ჩვენთვის არის როგორც პრივილეგია, ასევე პასუხისმგებლობა და ეს პასუხისმგებლობა სათანადოდ უნდა გავიაზროთ,“-განაცხადა კობახიძემ.